პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: „როცა კულტურის სფეროს პრიმიტიულ მკვლელს ჩააბარებ, მოხდება ის, რაც მოხდა“

xaindravaთბილისი, 19 აგვისტო, საქინფორმი. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, რეჟისორ გოგა ხაინდრავას თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ კულტურის მინისტრ ნიკა რურუას გადაწყვეტილება არ უკვირს და მიიჩნევს, რომ „როცა პრიმიტიულ მკვლელს კულტურის სფეროს ჩააბარებ, მოხდება ის, რაც მოხდა“. როგორც ხაინდრავა აცხადებს, ხელისუფლების სათავეში სწორედ მკვლელები არიან მოსული, რის გამოც კვდება სახელმწიფო სისტემა, სასამართლო და იგივე ახლა კულტურასაც ემართება.

„რობერტ სტურუამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი სომეხია და მას არ სურს, საქართველოს პრეზიდენტი სომეხი იყოს. იგივეს ვიმეორებ მეც: სააკაშვილი სომეხია და არც მე მსურს სომეხი პრეზიდენტი. თქვენ რომ სომხეთში ჩახვიდეთ, ნებისმიერი სომეხი გეტყვით, რომ მათ არ სურთ, ქართველი პრეზიდენტი ჰყავდეთ. ქსენოფობი არა რობერტ სტურუა, არამედ მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი სძულს“, – განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გამართულ სტურუას მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი რობერტ სტურუა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ 9 აგვისტოს გაათავისუფლა. რურუა სტურუას გათავისუფლების მიზეზად რეჟისორის ქსენოფობიურ გამონათქვამებს ასახელებს.