გუდაურის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებულებს თბილისში მკურნალობენ
თბილისი, 19 აგვისტო,
საქინფორმი. გუდაურის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების უმრავლესობა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რჩება, ოთხი ბავშვი კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთაგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ერთი ასაკოვანი ქალბატონია, რომელიც გუდაურიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს. დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუდაურის გზაზე გუშინ მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც რუსეთიდან სომხეთში მიდიოდა, გზიდან ხევში გადავარდა. ავტობუსში 29 მგზავრი იმყოფებოდა, ძირითადად, სომხეთის მოქალაქეები.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათგან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.