რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: როდის გამოაცხადებს კაპიტულაციას მეოთხე რაიხი

   ომები ერთნაირად მთავრდება, კაცობრიობას რაიმე ახალი არ გამოუგონია, ტექნიკური პროგრესის მიუხედავად. ყველა ომს, ბირთვული ომების გამოკლებით, ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული. ამიტომ, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად არსებობს მხოლოდ ერთი გზა. ამისათვის საერთაშორისო მოლაპარაკებები საჭირო არ არის, მით უმეტეს - დამარცხებული მხარის მონაწილეობით, რაც თავისთავად აბსურდია. საჭიროა კაპიტულაცია, იმპლემენტაცია, ვერიფიკაცია, და არა დარეგულირება, გარიგების გაფორმება, როგორც ეს მიაჩნია პრეზიდენტ ტრამპს. დამარცხებულის კაპიტულაცია, გამარჯვებულის პირობების იმპლემენტაცია და მათი შესრულების ვერიფიკაცია - ამისთვის სრულიად საკმარისია კონსულტაციები რუსეთისა და ამერიკას შორის, კონტაქტი პუტინსა და ტრამპს შორის. დანარჩენი დროის უაზრო კარგვაა, როგორც წარსულს ჩაბარებული მოლაპარაკებათა სხვადასხვა ფორმატი რუსეთსა და საქართველოს, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით. დარეგულირება მისაღებია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტებისთვის, მაგრამ არამეოთხე რაიხის ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ.

   იმისთვის, რომ უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა (მეოთხე რაიხმა) გამოაცხადონ კაპიტულაცია, მერიკამ უკრაინისათვის სამხედრო დახმარება უნდა შეწყვიტოს და იგივე მოითხოვოს დიდი ბრიტანეთისგან, საფრანგეთისგან, გერმანიისგან, ნიდერლანდებისა და ევროკავშირის/ნატოს სხვა ქვეყნებისგან, ურჩობის შემთხვევაში კი დაემუქროს მისი გზაში განადგურებით.

   დღეს, როცა ამერიკიდან და ევროპიდან უკრაინას შეიარაღება მიეწოდება, ამ უკანასკნელის სწრაფად დამარცხება შეუძლებელია, უკრაინის არმია გასული წლის აგვისტოს შემდეგ კვლავაც იმყოფება კურსკის ოლქში, პერიოდულად ახორციელებს შეტევებსა და სარაკეტო დარტყმებს რუსეთის ქალაქებსა და სოფლებზე და რომ არა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანი მუშაობა, ზიანი კოლოსალური იქნებოდა. ამიტომ, პირველ რიგში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გაათავისუფლოს რუსეთის ტერიტორია, რომელიც რვა თვეა მტრის ხელში იმყოფება, შემდეგ - უკრაინის ის რეგიონები, რომლებიც რუსეთმა თავისად ცნო, და ბოლოს - დაამარცხოს უკრაინის შეიარაღებული ძალები დანარჩენ ტერიტორიაზე.

   ომი არ შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს მანამ, სანამ მისი გამომწვევი მიზეზები არ იქნება აღმოფხვრილი, და ვიდრე ომი გრძელდება მშვიდობა არ იქნება. რუსეთის მთავარი პირობებია: ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების აღიარება რუსეთის ტერიტორიებად, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლების დაცვა, რუსული ენის უწინდელი სტატუსის აღდგენა, იარაღის დაყრა და ნატოზე უარის თქმა.

   პრეზიდენტმა პუტინმა კარგად იცის, როგორ უნდა დასრულდეს ომი, მაგრამ სურს, რომ ტრამპ ამ დასკვნამდე თავად მივიდეს. თუ პუტინი ეტყვის ტრამპს: "მეგობარო, განზე გადექი და შეაკავე ევროპა, დანარჩენს ჩვენ თავად გავუმკლავდებით!" — ეს შესაძლოა არასწორად აღიქვან, ხოლო პუტინ ვაშინგტონთან ძლივს დამყარებული კონტაქტი იმისათვის არ ემეტება, რომ  დიპლომატია უგულებელყოს და ვიზავის რუსეთის გულწრფელობაში.დაეჭვებს საფუძველი მისცეს.

   ახლა საქმე ისაა - როდის მიხვდება ამას ტრამპი - თვითონ, კარნახის გარეშე. ნახეთ, თავისი პირველი პრეზიდენტობის ვადის ოთხ წელიწადში, ტრამპი ცდილობდა სანქციებით მოეთვინიერებინა რუსეთი - იმიტომ, რომ იყო აშშ-ის ტრადიციული რუსოფობიური ნარატივის გავლენის ქვეშ, თუმცა ნაწილობრივ იმიტომაც, რომ არ მიეწებებინათ მისთვის რუსოფილის იარლიყი და არ დაედანაშაულებინათ პუტინთან მეგობრობაში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ტრამპმა უკვე თავად გამოსცადა აშშ-ის ხელისუფლებაში მოსული ოპონენტების წნეხი და მიხვდა, რომ ისინი იტყუებოდნენ რუსეთის შესახებ ზუსტად ისე, როგორც ახლა მას უკეთებენ, როცა კრემლთან ფარულ კავშირებში ადანაშაულებენ. ანუ, რვა წელი დასჭირდა, რომ ტრამპს საკუთარ ტყავზე გამოეცადა, რომ რუსეთთან მიმართებით ცდებოდა თავისი ოპონენტების წყალობით, რომლებიც ისევე ცრუობდნენ რუსეთის შესახებ, როგორც შემდგომში - მასთან მიმართებით. (ზუსტად ასე საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ მაშინ დაინახა დასავლეთის რეალური სახე, როცა აშშ-მა და ევროკავშირმა ის სანქციებით კუთხეში მოიმწყვდიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ დღემდე არ კარგავს იმედს, რომ არსებობს ორი დასავლეთი - კარგი და ცუდი, ანუ „Deep State”-ი.) ამიტომ, როცა ტრამპი მეორედ აირჩიეს, მან დაუყოვნებლივ დაიწყო წინასწარ მომზადებული ნაბიჯების რეალიზება, კერძოდ — კონტაქტის დამყარება კრემლთან.

   არ ვამბობ, რომ დღეს ტრამპის საბოლოო მომწიფებას უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთ შესაძლო გზასთან დაკავშირებით რვა წელი უნდა ველოდოთ, სულაც არა! ტრამპი დღეს „ცაიტნოტშია“ და რუსეთზე მეტად ეჩქარება. მაგრამ რაც უფრო მოთმინებით იმოქმედებს პუტინი, მით სწრაფად მიხვდება ტრამპი, თუ ას წარმოადგენს არაადექვატური კიევის ხელისუფლება, ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკი და მისი ამბიციური არარეალური ულტიმატუმები. ტრამპს სჭირდება თავისი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშის ჩაბარება, მით უმეტეს, რომ თავად წამოჭრა საკითხი მათი, გადასახადების გადამხდელთა 350 მილიარდი დოლარის კომპენსაციის შესახებ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ ფუჭად გადაყარა. თავიდან მან უკრაინაში იშვიათმიწა ლითონები„აღმოაჩინა“, მაგრამ რაკიღა მათი მოპოვებითა და გაყიდვით 350 მილიარდ დოლარს სწრაფად ვერ გამოიმუშავებ, მოისურვა დაპატრონებოდა ყველა ატომურ ელექტროსადგურს, პირველ რიგში - ზაპოროჟიესას, რომელსაც ფლობს და მართავს რუსეთი. ასეთი გარიგება გამორიცხულია, რადგან ათიათასობით რუსი ფრონტზე არ დაღუპულა იმისთვის, რომ აშშ გამდიდრებულიყო. სამართლიანი იქნებოდა, ვაშინგტონში საერთოდ არ მოითხოვონ კომპენსაცია და იქით რეპარაციები გადაიხადონ, რადგან კიევური რეჟიმისთვის 350 მილიარდი დოლარის დახმარება რომ არ გაეწიათ, ომი სულ მიკლე ხანში დასრულდებოდა და ასობით ათასი სლავი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

   ომები ერთნაირად მთავრდება...

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და ინფორმაციული პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

27.03.2025