საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. პირადად ვაღიარებ, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა. ამ ელექტრონულმა არჩევნებმა შეცდომაში შეგვიყვანა, რადგან არჩევნები მანამდე გაყალბდა, ვიდრე დათვლა დაიწყებოდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციით და ახალი წესებით, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს გაყალბება.
„ნებისმიერი ახალი არჩევნებში, რომელიც დაინიშნება, საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დააყენებს ქვეყანას იმ კურსზე, რომელიც წაართვა ბიძინა ივანიშვილმა თავისი რუსული ხელისუფლებით და მენტალობით ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „ოპოზიციური პარტიები არ არიან კარგ ფორმაში, ხან ძლიერდება მუხტი, ხან არა, რაც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ კარგ ფორმაშია ქართველი ხალხი, რომელმაც, მასობრივი გაყალბების მიუხედავად, ყველა დიდი ქალაქი წაართვა ხელისუფლებას“.
ამავდროულად, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი.
„ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე ოთხი ბარიერგადალახული და გამარჯვებული კოალიცია. ჩვენ უნდა შევქმნათ ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, სადაც გაერთიანდებიან პოლიტიკური პარტიები, ვისაც ამ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლა უნდათ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.