სამართალი
ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროზე დაქვემდებარების თაობაზე

Tavisufali-saqarTvelo„თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული კორესპონდენციის თანახმად, თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თავდაცვის სამინისტროდან ომისა და შეიარაღებული ძალების 350-ზე მეტი ვეტერანი გაათავისუფლა სრულიად უკანონოდ, ვინაიდან ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კანონში გარკვევით წერია, რომ ვეტერანის გათავისუფლება, თუ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არ შეიძლება.

„უკანონოდ გათავისუფლება – გათავისუფლებად, მაგრამ მას შემდეგ გაგრძელდა კიდევ უფრო უარესი: ვეტერანთა ტერორი, ბინებიდან გამოყრა, მათი უმწვავესი სოციალური პრობლემებისა და უფლებების უგულებელყოფა და ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური ყოველგვარი სახსრების გარეშე დატოვება. ყოველივე ამან გამოიწვია ვეტერანების სერიოზული პროტესტი, რაც გადაიზარდა ყველასათვის ცნობილ დეკემბერ-იანვრის შიმშილობის საპროტესტო აქციებში (გმირთა მემორიალთან), რომელიც ხელისუფლებამ უმოწყალოდ დაარბია და ისედაც სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ვეტერანების ნაწილი დააჯარიმა 400-400 ლარით“, – აღნიშნულია გზავნილში.

„დღეს, როცა მიმდინარეობს ვეტერანების ტერორი და მათზე ნადირობა, მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილებით ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ვეტერანთა მატერორებელ ორგანოს – თავდაცვის სამინისტროს, პირადად ბაჩო ახალაიას დაუქვემდებარა, რათა კიდევ უფრო დაჩაგროს, დააკნინოს და ღირსება შეულახოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებს. ამასთან, დაწყებულ იქნა „30 ვერცხლად“ რიგი ვეტერანების მოსყიდვისა და გადაბირების მზაკვრული პროცესი, რასაც მოჰყვა თავდაცვის ექს-მინისტრის, გენერალ გია ყარყარაშვილის „ქართული ლიგის“ თავმჯდომარეობიდან წასვლა.

ეს ყველაფერი გააკეთა იმ ხელისუფლებამ, რომლის „მთავარსარდალიც“ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორში შიშისაგან მიწაზე ფორთხავდა, იმ დროს, როდესაც გორში 1000-მდე ვეტერანი მზად იყო, კიდევ ერთხელ თავი გაეწირა სამშობლოსათვის. მაგრამ მხდალი და მოღალატე ხელისუფლება (პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტის ნაცუმრავლესობა), იმის მაგივრად, რომ გამოცდილი, პროფესიონალი სამხედრო ვეტერანებისათვის დაერიგებინა იარაღი და მათთან ერთად წინ აღდგომოდნენ გარეშე მტერს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებს მიასკდნენ საკუთარი თავისა და კორუფციით ნაშოვნი ფულის გადასარჩენად.

ჩვენი მოთხოვნაა, ვეტერანთა დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც ვეტერანთათვის, გარდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით უზრუნველყოფისა, იმუშავებს საერთაშორისო ვეტერანთა და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან სათანადო პროგრამების მისაღებად, რომელიც მიზნობრივად მოემსახურება ვეტერანთა ცხოვრების პირობებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ან კვლავ დაუბრუნდეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის ძირითადი ფუნქციაც მოსახლეობის სოციალურად დაცვაა.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა ვეტერანს, გამოვიდეთ საკანონმდებლო ინიციატივით და ვიბრძოლოთ კანონმდებლობაში ამ ხელისუფლების მიერ წართმეული ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი შეღავათების დასაბრუნებლად, ჩვენი ადამიანური და სოციალური უფლებების აღსადგენად და შემდგომში მათ ცხოვრებაში გასატარებლად.

მიუხედავად ასეთი ტოტალური ტერორისა, ჩვენი უფლებებისა და ჩვენი ღირსების  დაცვისა და გადარჩენის საქმე ჩვენი საქმეა და ჩვენი პრინციპული ამოცანა. ჩვენ თავად უნდა მოვახერხოთ ჩვენი უფლებებისა და ღირსების დაცვა, ჩვენ შეგვწევს ძალა და ღონე, დავიცვათ ჩვენი სამშობლო და მოსახლეობა გარე აგრესიისაგან, და მეტიც, დავუდგეთ გვერდში თითოეულ მოქალაქეს მათი უფლებებისა და ღირსების დაცვის საქმეში“, – ნათქვამია გზავნილში, რომელსაც ხელს აწერენ ალექსანდრე შალამბერიძე („თავისუფალ  ასოციაციათა კავშირი“), გალინა ოზიაშვილი („ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია“), დავით დავითაშვილი („ვეტერანები ვეტერანებისათვის“) და კახა კუკავა („თავისუფალი საქართველო“).

 

საქინფორმი