საზოგადოება
გია გეგუჩაძე კოკაიას ცუდ ხასიათს შეეწირა!

geguchadzeსაფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ გასული საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა – ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუნდმა გია გეგუჩაძის თავკაცობით მეორე ეტაპი მოლდოვურ „დაჩიასთან“ წარმატებით გაიარა, ხოლო მესამე ეტაპზე გრაცის „შტურმთან“ ორი მატჩის ჯამში წააგო და ევროპის ლიგის ფლიე-ოფში გადმოერთო, სადაც იმერული გუნდის მეტოქე ბელგიური „ბრიუგე“ იქნება.
მატჩი 18 აგვისტოს გაიმართება, ამჯერად „ზესტაფონს“ მოედანზე გია გეგუჩაძე აღარ გაიყვანს. ამ დღეებში კულუარებში ვრცელდებოდა  ინფორმაცია, რომ კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასა და მწვრთნელს უთანხმოება ჰქონდათ.
ეროვნულმა ჩემპიონატმა სტარტი 6 აგვისტოს აიღო. ზესტაფონელები ქუთაისის „ტორპედოს“ სტუმრობდნენ, მოედანზე გუნდი გეგუჩაძეს არც მაშინ გამოუყვანია, თუმცა კლუბის პრესატაშემ ყველა დაარწმუნა, რომ მწვრთნელი ავადმყოფობის გამო არ ახლდა გუნდს. რამდენიმე დღის შემდეგ მეორე ტური გაიმართა, ამჯერად გეგუჩაძე გამოჩნდა გუნდთან ერთად, მაგრამ თამაშის შემდეგ, როგორც საქინფორმს წყარო აუწყებს, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ გეგუჩაძე პოსტს დატოვებდა. წყაროს ინფორმაციით, გუნდს „კოლხეთთან“ მატჩის წინ შეკრება უნდა ჰქონოდა თბილისში, უცებ კი დარეკეს და უთხრეს, რომ ზესტაფონში უნდა დაბრუნებულიყვნენ, შეკრება კი აღარ გაიმართა. ამის შესახებ კოკაიასა და გეგუჩაძეს საუბარიც ჰქონდათ.

ჩვენი ინფორმატორის თქმით,  კოკაია ასე მაშინ იქცეოდა, როცა ცუდ ხასიათზე იყო. მისი იმპულსური ხასიათის შესახებ კი საფეხბურთო სამყარომ კარგად იცის.
ასეთივე სიფიცხის გამო გასულ წელს კოკაიამ გადაწყვიტა გუნდის დაშლა, შემდეგ სხვა ქალაქში გადაყვანა. ერთი პერიოდი თბილისშიც ითამაშეს იმერლებმა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მაშინ „ზესტაფონი“ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და კოკაიაც „დაშოშმინდა“.
გია გეგუჩაძემ, სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა, რომ ის გუნდიდან წავიდა. კლუბი ოფიციალურ განცხადებს არ აკეთებს, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გეგუჩაძე კოკაიას უხასიათობას შეეწირა.
ამასთან, კლუბის ფეხბურთელი –  ეროვნული ნაკრების წევრი მურთაზ დაუშვილი, რომელთანაც კონტრაქტი კლუბს დეკემბრამდე აკავშირებს, უარი განაცხადა კონტრაქტის გაგრძელებაზე, რის გამოც ის დუბლებში იქნა გადაყვანილი.

ცნობილია, რომ ფეხბურთელ დაუშვილით რამდენიმე უცხოური კლუბია დაინტერესებული და, შესაბამისად, ფეხბურთელს ხელს არ აძლევს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება.

თუმცა არც ესაა გასაკვირი „ზესტაფონის“ ხელმძღვანელობისგან. დუბლებში მათ მიერ ფეხბურთელების გადაყვანა ერთგვარი „განსაწმენდელია“. ზამთარში ესპანური შეკრების დროს იმერული გუნდის ფეხბურთელები გიორგი ხიდეშელი და ნიკოლოზ გელაშვილი გამოუშვეს. ორივე მათგანი შეკრებაზე იმ მიზნით წაიყვანეს, რომ იქიდან სხვა კლუბებში უნდა გადაბარგებულიყვნენ. ესპანეთში კი გაირკვა, რომ ორივე მათგანი „გადაყარეს“. ფეხბურთელების გაბრაზების გამო გუნდს ორივე ჩამოაშორეს.
კლუბის ხელმძღვანელები ახლა ცდილობენ, გეგუჩაძეს დააბრალან არაპროფესიონალიზმი. თუმცა ყველა ჟურნალისტმა, ვისაც გეგუჩაძესთან ოდესმე მაინც ჰქონია ურთიერთობა, იცის, რომ იგი არ ეკუთვნის იმპულსურ პირთა რიგებს, ვინც გადაწყვეტილებას ცხელ გულზე იღებს.
ილია კოკაიას ცუდ ხასიათს კი მორიგი მწვრთნელი შეეწირა.

საქინფორმი