საზოგადოება
ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონის“ განცხადება

tamarioniმთელი ქართველი საზოგადოება აღშფოთებითა და შეურაცხყოფით შეხვდა კულტურის მინისტრ ნიკა რურუას განცხადებას  დიდი რეჟისორის, მსოფლიო დონის მაესტროს, რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

საყოველთაოდ ცნობილია, რობერტ სტურუა, ბევრისგან განსხვავებით, როგორც ჭეშმარიტ ხელოვანს შეშვენის, არცერთი ხელისუფლისა და პოლიტიკური გაერთიანების მეხოტბე არასდროს ყოფილა. პირიქით, მისი „ცარცის წრე“ და „რიჩარდი“ სწორედ „საბჭოთა სისტემის მარწუხების“ პერიოდში დაიდგა.

ქალთა მოძრაობა „თამარიონი“ აღშფოთებულია კულტურის მინისტრის ასეთი გადაწყვეტილებით და თვლის, რომ მისი ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ხელისუფლების პირველი პირის განკარგულების საფუძველზე შესრულდა. ხელისუფლების მიერ ერისთვის ღირსეული ადამიანების „ჩარეცხვით“ დაწყებული, საქართველოს პრეზიდენტი ინტელიგენციის „ნაციონალების“ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად  დიფერენცირებას ახდენს. ამასთან, ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონი“ მიიჩნევს, რომ რობერტ სტურუა დაკავებული თანამდებობიდან მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკისადმი არალოიალური დამოკიდებულების გამო გათავისუფლდა. ამასთან, საზოგადოებას ახსოვს სწორედ  ხელისუფლების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული არაკორექტული და სწორედ ქსენოფობიური განცხადებები.

ნიჭიერი, განათლებული და მსოფლიოს უმაღლესი რანგის რეჟისორისადმი ამგვარი დამოკიდებულება მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებისგან დეკლარირებული „გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების“ დემოკრატიული პრინციპები მხოლოდ ქაღალდზე და მსოფლიო თანამეგობრობის გულის მოსაგებად დაწერილი ფარსია.

„ნაციონალური ხელისუფლების კულტურის მინისტრის“ ასეთი ბრძანებულება ხაზგასმულად განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ნიშნით თანამოქალაქეთა დევნაზე მიგვანიშნებს.  ეს საკმაოდ სახიფათო სიმპტომია და ქართველ საზოგადოებაში 37 წლის პირდაპირ ასოციაციას იწვევს, როცა „წითელი კომისრები“ საზოგადოებისა და ქვეყნისთვის ფასეულ პიროვნებებს სწორედ პოლიტიკური და განსხვავებული აზრისთვის სდევნიდნენ და ხვრეტდნენ კიდეც. სანდრო ახმეტელისა და სხვათა მაგალითზე საქართველოს ეს კარგად ახსოვს.

ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონი“  გმობს თანამოქალაქეების მიმართ ანგარიშსწორების  ამგვარ „ცრუდემოკრატიულ“ ფორმებს, მითუფრო მაშინ, როდესაც ხელისუფლების მომხრე „არასამთავრობო სექტორისა“ და მისი მაამებელი ადამიანების გარდა, რობერტ სტურუას კონტექსტიდან განზრახ ამოგლეჯილ ინტერვიუში დანარჩენ საზოგადოებას მისი ქსენოფობიური გამონათქვამები არ ამოუკითხავს.

ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონი“ საქართველოში „წითელი დიქტატურის“ დამყარების წინაპირობას ხედავს და მთელ ქართველ საზოგადოებას სიფხიზლისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა საქართველოში – ახლა უკვე XXI საუკუნეში – 37 წლის მოვლენები აღარ განმეორდეს.