საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ეს არ არის ოპოზიციის მესიჯი, ეს არის გარედან წამოსული დავალება. კერძოდ ის, რომ ახლა უკვე „ფარა“ უნდა შეიფუთოს რუსულ კანონად. რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული მესიჯია და ამის მცდელობა ექნებათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ეს მცდელობა უშედეგო იქნება.
„ცხადია, ეს არ გამოუვათ, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას ვთქვით, რომ გავაკეთებთ იმ კანონის კოპირებას, რომელიც წლებია, აშშ-ში მოქმედებს. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება როდესაც ხდებოდა, ეს აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ ხორციელდებოდა. ქვეყნის გადატრიალების მცდელობა ფინანსდებოდა გარედან, პოლარიზაცია ფინანსდებოდა და ფინანსდება გარედან, საზოგადოების დაპირისპირებაც ფინანსდებოდა გარედან. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ და საზოგადოებას ყველაფერზე უნდა ჰქონდეს პასუხი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: „აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.