პოლიტიკა
რუსეთის მსო-ში გაწევრების საკითხზე გრიგოლ ვაშაძე შვეიცარიის დელეგაციას შეხვდა

WTO-Russiaროგორც საქინფორმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2011 წლის 17 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის მსო-ში გაწევრების საკითხთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მომზადების მიზნით შვეიცარიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მდგომარეობა და მხარეების პოზიციების დაახლოების შესაძლებლობები განიხილეს.

ვაშაძის უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირების აღდგენის აუცილებლობა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ კოვზირიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყარალაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნოს უფროსი თამარ კაპანაძე, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეონა გიუაშვილი; შვეიცარიის მხრიდან კი – შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი პიტერ მაურერი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის კაბინეტის უფროსი ჰაიდი გრაუ, შვეიცარიის ელჩი მსო-ში რეზიდენციით ჟენევაში ლუციუს ვასეშა და შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი.

 

საქინფორმი