სამართალი
კავკასია და ცენტრალური აზია: სად როგორი მედიაგარემოა

media2არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები დიდად არ სწყალობენ სიტყვის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას, მაგრამ როგორც ეს სამოქალაქო საზოგადოების იდეის მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაცია „IREX“-ის ბოლო კვლევამ ცხადყო, მედიაგარემოში გრძელვადიანი პოზიტიური ცვლილებების უზრუნველყოფა ისეთმა ქვეყნებმაც კი ვერ მოახერხეს, სადაც ე.წ. ფერადი რევოლუციები მოხდა.
ახლახან „მრგვალი მაგიდის“ გარშემო რეგიონში არსებული ტენდენციების შეფასებისას ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სიტყვის თავისუფლებასთან, მედიის დამოუკიდებლობასთან და შერეულ ასპექტებთან დაკავშირებით საქართველოში უშუალოდ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ და ყირგიზეთში 2005 წლის „ტიტების რევოლუციის“ შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა ეს მიღწევები გრძელვადიანი არ აღმოჩნდა: ნელ-ნელა ქართული და ყირგიზული მედია, ფაქტობრივად, საწყისს, რევოლუციამდელ პოზიციებს დაუბრუნდა, – აღნიშნეს დისკუსიის მონაწილეებმა.
„მრგვალი მაგიდის“ სხდომა „IREX“-ის საიუბილეო – მეათე ყოველწლიური კვლევის გამოქვეყნებას დაემთხვა. კვლევის სახელწოდებაა „მედიის მდგრადობის ინდექსი (MSI) ევროპასა და ევრაზიაში“. აღნიშნული კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის „მედიის სექტორის სიცოცხლისუნარიანობის და მდგრადობის შეფასების“ მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „IREX“, რომელიც დიდწილად საგანმანათლებლო სფეროში გაცვლითი პროგრამებითაა ცნობილი, აქტიურად მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მედიის განვითარებაზე.

2011 წლის ანგარიშმა დაადასტურა, რომ თურქმენეთი და უზბეკეთი პლანეტის ყველაზე რეპრესიული სახელმწიფოებია. ქვეყნებში მედიაგარემო შეფასებულია 0-დან 4-ქულამდე გრადაციით (სადაც 4 ნიშნავს მედიის საქმიანობას თავისუფალ გარემოში). „IREX“-ის სპეციალისტებმა თურქმენეთი შეაფასეს 0.35 ქულით, ხოლო უზბეკეთი – 0.56 ქულით, ხოლო ყველაზე სასიკეთო მედიაგარემო კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში 2011 წელს, „IREX“-ის აზრით სომხეთში ჩამოყალიბდა, რომელმაც 2.09 ქულა მიიღო. 
ორივე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ და ყირგიზეთმა ვერ გაამართლეს მათთან დაკავშირებული იმედები მედიის თავისუფლების სფეროში. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს რეიტინგი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა: 2001 წელს – 1.82 ქულა, ხოლო 2011 წელს – 1.85 ქულა. ყირგიზეთის შესაბამისი მაჩვენებელი ანალოგიურ პერიოდში ოდნავ გაიზარდა – 1.29 ქულიდან – 1.66 ქულამდე. „IREX“-ის სპეციალისტების აზრით, ამ რეიტინგების თანახმად, მედიაგარემო საქართველოსა და ყირგიზეთში შეიძლება მივაკუთვნოთ „არამდგრადი შერეული სისტემების“ კატეგორიას, სერბეთსა და უკრაინაში, სადაც, ასევე, მოხდა „ფერადი რევოლუციები“ და ასევე გაუმჯობესების ძალიან მოკრძალებული ნიშნები დაფიქსირდა.
რამდენიმე ქვეყანამ, სადაც ფერადი რევოლუციები არ მომხდარა, გაუსწრო ან, როგორც მინიმუმ, დაეწია თავის იმ მეზობლებს, სადაც ასეთი რევოლუციები მოხდა, – ნათქვამია „IREX“-ის კვლევაში. მაგალითად, ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიაკლიმატი ტაჯიკეთში ყირგიზეთთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, უკეთესი მაჩვენებელი აქვს ყაზახეთსაც, – ნათქვამია დოკუმენტში. დროის იმავე მონაკვეთში სომხეთის რეიტინგმა საქართველოს რეიტინგს გაუსწრო.
უშუალოდ რევოლუციის შემდეგ „შეიმჩნეოდა ერთგვარი ძვრები“, – ამბობს „მედიის მდგრადობის ინდექსის” რედაქციის ხელმძღვანელი ლეონ მორზე. „ჯერჯერობით არცერთ ამ რევოლუციას გრძელვადიანი ზემოქმედების ეფექტი არ ჰქონია“. პოსტგარდამავალი პერიოდის ქვეყნებში მედია ქაღალდზე, სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც წესი, კარგადაა დაცული, მაგრამ პრაქტიკაში ეს კანონები იგნორირებულია, – დასძენს იგი.
მედიაში პოზიტიური კლიმატი დიდწილად დამოკიდებულია ქვეყანაში ძლიერ დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასა და წარმომადგენლობით ხელისუფლებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ კანონების დაცვას ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ და, ასევე, უბრალოდ „ისეთი მმართველების არსებობაზე, რომლებიც ამ კანონების დაცვის ერთგულები იქნებიან“, – აღნიშნავს ლეონ მორზე. არც საქართველო და არც ყირგიზეთი ამ კრიტერიუმებს არ პასუხობენ, – ხაზგასმით აღნიშნეს „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებმა.
„საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ქვეყანაში პრესისა და სიტყვის თავისუფლებას საკმაოდ კარგად იცავს, – ამბობს პროექტ „InterMedia“-ს მენეჯერი ანასტასია მირზოიანცი – თუმცა მედიაგარემოსთან დაკავშირებული პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნორმებს და დადგენილებებს ხშირად თავად ხელისუფლება არღვევს. მთავრობა, რომელიც ცდილობს საინფორმაციო კონტენტის გაკონტროლებას, ამისთვის იყენებს როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ და ფინანსურ მექანიზმებს“.
„Internews“-ის ევროპული და ევრაზიული პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი ჯოშ მაკლედერი ამბობს, რომ ბიშკეკში ასკარ აკაევის რეჟიმის დამხობის შემდეგ ყირგიზეთის მედიაგარემომ, ფაქტობრივად, ყველა წარსული მიღწევა დაკარგა. „ახლა ჩვენ 2005 წლის პოზიციებთან დავბრუნდით“, – განაცხადა მან „მრგვალი მაგიდის“ სხდომაზე.
„მიუხედავად რამდენიმე პოზიტიური ძვრისა, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ცილისწამების დეკრიმინალიზაცია, შარშან ზაფხულში ყირგიზეთის სამხრეთში მასობრივი არეულობების შემდეგ მტრული რიტორიკის ზრდა შემდეგ კითხვას ბადებს: როგორ შეიძლება ამ ყველაფრის სიტყვის თავისუფლებასთან შეთავსება“, –  აღნიშნა ჯოშ მაკლედერმა. „მედია ტალღისებურად ვითარდება, – ამბობს იგი. – პროგრესს რეგრესი ცვლის“.
„მრგვალი მაგიდის“ სხდომა სახელწოდებით – „გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოთა გაკვეთილები: თავისუფალი მედიის გამოწვევები ევროპასა და ევრაზიაში“, დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის (NED) მიერ იყო ორგანიზებული.

 

*ჯოშუა კუცერა დამოუკიდებელი ვაშინგტონელი ჟურნალისტია, რომელიც აშუქებს უშიშროების პრობლემებს ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, არის რედაქტორი ბლოგისა „The Bug Pit“ საიტზე  EurasiaNet.

ავტორი: ჯოშუა კუცერა*

 

საქინფორმი