საზოგადოება
საქართველოში ცხვრის ბუმი მინელდა

cxvari2სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლეულს მხოლოდ 27 ათასი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებლებს ბევრად ჩამოუვარდება. ცხვარი, ძირითადად, ირანელებმა იყიდეს. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ექსპორტის მაჩვენებელი სექტემბერში გაიზრდება.

სპეციალისტებში ცხვრის ექსპორტის შემცირების ორი ძირითადი მიზეზი განიხილება. როგორც მეცხვარეთა ასოციაციაში საქინფორმს განუცხადეს, ერთია ის, რომ ცხვარი შუამავლების მეოხებით ძალიან გაძვირდა და იგი უცხოელი მყიდველისთვის არარენტაბელური გახდა; ქართული ცხვარი, ცოცხალი წონის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ცხვარია. მაგალითად, თუ ავსტრალიური ცხვარი 40-43 კილოგრამს იწონის, იმავე ასაკის ჩვენი ცხვარი 30-33 კილოგრამია. ამდენად, იგივე ფასი, რაც სხვა – უფრო დიდი ჯიშის პირუტყვზეა დაწესებული, ნონსენსია. სწორედ ამიტომ აზიელები ახლა, ძირითადად, მოლდოვისა და რუმინეთის ბაზრით არიან დაინტერესებულნი.

ცნობისთვის: 30-32 კგ  ცხვარს აზიელები რუმინეთსა და მოლდოვაში ყიდულობენ 60-62 დოლარად, საქართველოში კი 90 დოლარს ითხოვენ.

მეორე მიზეზი კი პოპულაციური ხასიათისაა. აზიელები, ძირითადად, მამალ ცხვარს ყიდულობენ, შესაბამისად, საქართველოში მისი დეფიციტი  შეიქმნა.

 

საქინფორმი