პოლიტიკა
ნიკა ლალიაშვილი: „სტურუას იმავე კონტექსტში რუსები რომ ეხსენებინა, „ნაცმოძრაობა“ ტაშს დაუკრავდა“

lalaiashvili„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი დარწმუნებულია, რომ რეჟისორ რობერტ სტურუას რომ ეთქვა – „მას არ სურს, ჰყავდეს რუსი პრეზიდენტი“ ან „რუსები კულტურული განვითარების დონით სხვებზე უკან დგანან“, „ნაციონალური მოძრაობა“ მას ტაშს დაუკრავდა. ლალიაშვილი სომხებსა და შავკანიანებთან მიმართებაში სტურუას გამონათქვამებში ქსენოფობიურს ვერაფერს ხედავს და მიიჩნევს, რომ რეჟისორის მიერ გაკეთებული განცხადებები არაერთგვაროვანია და ფართო ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

„ანთროპოლოგები დღემდე ამტკიცებენ, რომ კულტურული განვითარების დონით შავკანიანები ბევრად უკან დგანან, ვიდრე, მაგალითად, შვეიცარიელები ან ნორვეგიელები და ამას ქსენოფობიასთან არაფერი აქვს საერთო. პირობითია ტერმინი „ზანგიც“, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩაგვრის კონტექსტში გამოიყენება. მე შეიძლება, ვთქვა, რომ არ მსურს ქალი პრეზიდენტი, ან პრეზიდენტის პოსტზე პროფესიით ფილოლოგი ან ექიმი, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ გენდერული ან პროფესიული ნიშნით ვინმეს დისკრიმინაციას ვეწევი. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ – სტურუას ამავე კონტექსტში რუსეთი ან რუსები რომ ეხსენებინა, მას „ნაციონალური მოძრაობა“ ტაშს დაუკრავდა“, –  აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ამასთან, ლალიაშვილი რუსთაველის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლებას „დასანან ფაქტს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ „ეს დროებითი მოვლენაა“.

როგორც საქინფორმი მკითხველს აუწყებდა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ რუსთაველის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლება რეჟისორის „ქსენოფობიური განცხადებებით“ ახსნა.

 

საქინფორმი