საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლებიც დროებითი საგამოძიებო კომისიების საქმიანობასა და უფლებამოსილებებს ეხება. ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილ საგამოძიებო კომისიას უკავშირდება. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი.
ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს რეგლამენტის 67-ე, 68-ე და 70-ე მუხლების ცვლილებებს. კერძოდ:
67-ე მუხლის ცვლილებით, საგამოძიებო კომისიას შეეძლება მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
68-ე მუხლის ცვლილებით, შესაძლებელი იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართოს პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებშიც, გარდა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას;
70-ე მუხლის ცვლილებით კი, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი.
ცვლილებების ინიციატორები არიან „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი და გენრიეტა წიწავა.
საგამოძიებო კომისიას, რომელსაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში „რეჟიმისა და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების“ ქმედებების განხილვა ევალება. 14 თებერვალს, კომისიის სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა, რომ „დიდი მოცულობის მასალების“ გამო, კომისიის წევრებს დამატებითი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოთ.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტია არ აპირებს კომისიასთან თანამშრომლობას, მიუხედავად „ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით მათიკაშვილის მუქარისა, რომ თანამშრომლობაზე უარმა შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს. მსგავსი პოზიცია გამოხატა გიგა ბოკერიამ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა.