საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა 10 მარტს აქციის მონაწილე რამდენიმე სტუდენტს სტუდენტური სტატუსი შეუჩერა მას შემდეგ, რაც წინა დღეს უნივერსიტეტის შენობაში გამართული აქციის გამო ისინი 5 000 ლარით დაჯარიმდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა სტუდენტების დაჯარიმებას და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, „შეწყვიტოს სტუდენტებზე ზეწოლის მიზნით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება“. ორგანიზაციას მხედველობაში ჰქონდა ცოტა ხნის წინ მიღებული ცვლილება კანონმდებლობაში, რომლითაც დახურულ სივრცეებში მეპატრონის თანხმობის გარეშე პროტესტის გამოხატვა იკრძალება.
სტუდენტებს, რომლებიც ზედიზედ 83 დღე თეატრალურ უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას მართავდნენ, 9 მარტს უთხრეს, რომ უნივერსიტეტის ფოიე დაეტოვებინათ მას შემდეგ, რაც დასუფთავების სამსახურმა დილიდან გაუფრთხილებლად დეზინფექციის ჩატარება დაიწყო. სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მათ უთხრა, რომ პროტესტი სულ რაღაც ხუთ კვადრატულ მეტრ სივრცეში გაეგრძელებინათ, რაზეც მათ უარი განაცხადეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მაშინვე პოლიცია გამოიძახა, რომელმაც ჯერ გააფრთხილა სტუდენტები უნივერსიტეტის ფოიეს დატოვების შესახებ, თუმცა მალევე დაბრუნდა და ადგილზე დარჩენილი სტუდენტები თითოეული 5 000 ლარით დააჯარიმა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიცია მესამედ გამოიძახა. 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის საფრთხის ქვეშ მყოფმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის დატოვება გადაწყვიტეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ მთავრობა „შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩაერია“ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების პროტესტი ხელს არ უშლიდა უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და არ აფერხებდა მის ნორმალურ ადმინისტრაციულ ფუნქციონირებას.
ორგანიზაციის თქმით, ქვეყნის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცოტა ხნის წინ მიღებული ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც პოლიციამ სტუდენტები დააჯარიმა, „არაკონსტიტუციურია და ემსახურება პროტესტში ჩართულ პირთა დასჯის და დაშინების მიზანს“.
ორგანიზაციამ ასევე გააკრიტიკა თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტების ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობისთვის.
იმ ფონზე, როცა საქართველოში საპროტესტო აქციევი უკვე 100 დღეზე მეტია გრძელდება, რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტი უნივერსიტეტის შენობებში გამოხატეს. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი სტუდენტური წინააღმდეგობის სათავეში იყო. სტუდენტებმა, რომლებსაც ცოტა ხნის წინ სტატუსი შეუჩერდათ, განაცხადეს, რომ პროტესტს სხვა ფორმით გააგრძელებენ.
მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა სტატუსის შეჩერების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოყვა, უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. „სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.