საზოგადოება
საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანძურის მოძიება დაფინანსდება

kvlevaსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს.

საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს მინისტრის პირველმა მოადგილე კოკა სეფერთელაძემ და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ოთახ-სამლოცველოში.

ფონდი დააფინანსებს საუკეთესო კვლევით პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალების, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და მაღალ სამეცნიერო დონეზე  შესწავლას. ახალი კონკურსის მიზანია ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევით ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების დაინტერესება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მკვლევართა ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას. საკონკურსო განაცხადებს ფონდი მიმდინარე წლის 12 სექტემბრის ჩათვლით მიიღებს.

კვლევის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატბოდეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება – 300 000 ლარს. ამასთან, შესაძლებელია უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან თანადაფინანსების მოზიდვა.

„კონკურსის შედეგად შეიქმნება უფრო სრულყოფილი სურათი იმ უმნიშვნელოვანესი ქართული საგანძურის შესახებ, რომელიც მიმოფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ნაკლებად შესწავლილია ან საერთოდ შეუსწავლელია. პროექტი, ასევე, ხელს შეუწყობს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, რითაც საქართველო ამაყობს და დღემდე მსოფლიოს ყურადღებასა და აღფრთოვანებას იწვევს“, – აღნიშნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კონკურსის გამოცხადებისას.

 

საქინფორმი