საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა შეასრულოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა შორისაა სიგარეტის გაყიდვაზე ასაკობრივი ცენზის გაზრდა, ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 თებერვალს 20 წელი შესრულდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის – თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის ამოქმედებიდან, რომელიც საქართველოსთვის 2005 წლის 15 მაისიდან გახდა სავალდებულო.
„2018 წლიდან თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინერგა, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა გამოც მოვუწოდებთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კოვენციით ნაკისრი ვალდებულებების სრულად განხორციელებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კერძოდ, ალიანსი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა:
დაამტკიცოს ჯერ კიდევ 2018 წელს შემუშავებული და 2024 წელს განახლებული ნორმატიული აქტი, რომელიც უზრუნველყოფს თამბაქოს ინდუსტრიისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთობის გამჭვირვალობას;
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით, უნიკოტინო და მცენარეული მოსაწევის პროდუქტების მოხმარების აკრძალვისა და შეფუთვა-მარკირების მიზნით დაწესდეს იგივე რეგულაციები, რაც ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაშია;
თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა ნაწარმის გაყიდვის ლეგალური ასაკი გაიზარდოს 21 წლამდე და ყოველ წელს გაიზარდოს თითო წლით;
2015 წლის შემდგომ დაბადებულ საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალოთ თამბაქოსა და ნიკოტინის ნებისმიერი ნაწარმის ყიდვა, მიუხედავად სრულწლოვანებისა და ასეთი პროდუქტების მიყიდვისათვის იმ დროს მოქმედი ლეგალური ასაკისა;
აიკრძალოს ყველა სახის არომატიზატორის გამოყენება თამბაქოსა და ნიკოტინის (გარდა თუთუნის არომატიზატორისა) ნებისმიერი პროდუქტისათვის;
შემოიღონ ლიცენზია თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა სახის საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე;
ნიკოტინზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებები შეიყვანონ ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში.
„ვიდრე კომპენსაციები დაწესდება, ადეკვატურად გაიზარდოს სახელმწიფო დაფინანსება თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებისთვის (მონიტორინგი, ცხელი ხაზი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო პროგრამები)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია თამბაქოს წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში უკვე გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, სავაჭრო ობიექტებში უკვე გამოჩნდა სადა და ერთნაირი შეფუთვით თამბაქოს ნაწარმი.
აიკრძალა თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ყველა პროდუქტის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა.თამბაქოს ნაწარმი თვალსაჩინოდ არ არის განლაგებული არც ობიექტის გარეთ და არც შიგნით. ეს რეგულაციები 94%-ით სრულდება.
ასევე ფუნქციონირებს სიგარეტზე თავის დანებებისთვის „ცხელი ხაზი" – 11 60 01 და მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. ასევე კანონი კრძალავს, თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას ავტომობილებსა და ტაქსებში არასრულწლოვნების თანდასწრებით.
კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში, მათ შორის ცალობით, საჯარო დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში საბავშვო ტანსაცმლის, საკვების ან სათამაშოების სექციებში.
დღეს საქართველოში რესტორანში ან ბარში სიგარეტის, მათ შორის ელექტროსიგარეტის ან ჩილიმის მოხმარება ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას პირველ შემთხვევაში 50 ლარით, ფაქტის განმეორებით შემთხვევაში - 100 ლარით, ყოველი შემდგომი დარღვევისას 200 ლარით.
იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოწევის ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, მას ათჯერ მეტი ოდენობით ჯარიმა ემუქრება.