საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ირლანდიამ საქართველოს 32 მოქალაქე, რომლებზე უკვე გაცემული იყო დეპორტაციის ორდერი, სამშობლოში დააბრუნა, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტმა. იმიგრაციის აღსრულების გაძლიერების მიზნით მთავრობის ახალი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები 27 თებერვალს ღამით ჩარტერული რეისით გამოუშვეს.
იუსტიციის მინისტრმა ჯიმ ო’კალაგანმა ამ ნაბიჯს „მნიშვნელოვანი დასაწყისი“ უწოდა, რომლის მიზანიც „უფრო ეფექტური საიმიგრაციო სისტემის“ შექმნაა.
ირლანდიური საინფორმაციო გამოშვების DublinLive-ის ცნობით, ეს იყო პირველი დეპორტაცია, რომელიც მთავრობის მიერ ნოემბერში ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა და რომლითაც ნებადართულია დეპორტაციისთვის ჩარტერული ფრენების გამოყენება. იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნა, რომ შემდგომი ქმედებებიც განხორციელდება.
იუსტიციის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იძულებითი გაყვანა არის „ბოლო ზომა“ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით არ ტოვებენ ქვეყანას ან არ სარგებლობენ დაბრუნების ხელშემწყობი პროგრამებით.
ოფიციალური მონაცემებით, ნებაყოფლობითი დაბრუნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წელს და 934-ს მიაღწია წინა წლის 213-თან შედარებით. თუმცა, ასევე მკვეთრად გაიზარდა დეპორტაციის ორდერები – 2024 წელს 2403 ასეთი ორდერი გაიცა, რაც 2023 წელთან შედარებით 180%-იანი ზრდაა. საერთო ჯამში, 1116-მა ადამიანმა დატოვა ირლანდია 2024 წელს სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და იძულებითი დეპორტაციის გზით.