პოლიტიკა
„დანაშაული და სასჯელი“, ანუ ყველაზე მოკლე ქართული ანეკდოტი: რურუამ მოხსნა სტურუა!

Copy-of-ROBIKOმას შემდეგ, რაც 2011 წლის 16 მაისს საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმში“ საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტის, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის – რობერტ სტურუას, ექსკლუზიური ინტერვიუ – „ხალხმა ვიცით სიმართლე, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემასავით ოსტატურად მალავს „სიცრუის ქვიშაში“ თავს!“– დაიბეჭდა, რომელშიც მან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სომხურ ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა და ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოვიდა, „განაწყენებულმა“ ხელისუფლებამ მისი „დასჯა“ გადაწყვიტა და ინტერვიუდან სამი თვის თავზე საკუთარი ჩანაფიქრი შეასრულა – იგი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ხალხმა ვიცით სიმართლე, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემასავით ოსტატურად მალავს „სიცრუის ქვიშაში“ თავს!“ - სტურუას ეს ინტერვიუ მაშინ ნამდვილ სენსაციად იქცა და სხვადასხვაგვარი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან. რეჟისორის ექსკლუზიურ ინტერვიუს საქინფორმისთვის წამყვანმა ქართულმა ტელეარხებმა არაერთი სიუჟეტი მიუძღვნეს, რომლებშიც ის ქსენოფობიაში დაადანაშაულეს. არადა, „კარის ჟურნალისტებს“, რატომღაც, გამორჩათ პრეზიდენტ სააკაშვილის საყოველთაოდ ცნობილი ფრაზები, რომელთაც აშკარად რასიზმის სუნი ასდის, მაგალითად, „ჩვენ ზანგები ვართ, თუ რატომ ვიქცევით ველურებივით?!“

ზემოაღნიშნული ინტერვიუს მერე თანამდებობიდან სტურუას მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მაშინვე გავრცელდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ რურუას, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის სამი თვე დასჭირდა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, რ. სტურუას გათავისუფლება მინისტრ ნიკოლოზ რურუას ბრძანების საფუძველზე მოხდა. მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ვბრძანებ:

1. გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან“.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ ა. წ. 11 აგვისტოს მინისტრი რურუა სტურუას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბრძანება მან ა.წ. 9 აგვისტოს გამოსცა.

დღეს კი მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელაც სტურუა იყედა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს“.

რობერტ სტურუა თანამდებობიდან მის გათავისუფლებას სოციალურ ქსელ „Facebook“-ის მეშვეობით ერთადერთი სიტყვით გამოეხმაურა – „მომხსნეს“, თბილისში კი ყველაზე მოკლე ქართული ანეკდოტი დადის: „რურუამ მოხსნა სტურუა!“

როგორც რეჟისორი აცხადებს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე იქნება, რადგან ის თეატრიდან წასვლას არ აპირებს – რიგით რეჟისორად იმუშავებს  და გააგრძელებს სპექტაკლების დადგმას. „დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა – როგორ გადავიტანო სახლში ამდენი წიგნი, რომლებიც თეატრში, ჩემს კაბინეტში მაქვს!“ – არ ნაღვლობს გენიალური რეჟისორი.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2011 წლის 16 მაისს ჩვენი სააგენტოსთვის მოცემულ „ყბადაღებულ“ ინტერვიუში ბატონი რობერტი ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე – „შეუძლია, რომ ადამიანს ასე არ უყვარდეს თავისი სამშობლო?“ – პასუხობს: „სომეხია და რა ვქნათ...“ რითაც ფაქტის უბრალო კონსტატაციას აკეთებს, რომ სააკაშვილი ქართველი არ არის და, შესაბამისად,  ის არ არის ვალდებული, საქართველო, როგორც თავისი სამშობლო, უყვარდეს. ქსენოფობიური (ანტისომხური) გამონათქვამები და მეტაფორები იმ ინტერვიუში არ არის, მეტიც – სტურუა ამ სიტყვების მერე იხსენებს საქართველოში საყოველთაოდ სათაყვანო წმინდან შუშანიკს – ეთნიკურ სომეხს – როგორც საქართველოს სიყვარულისა და ერთგულების მაგალითს.

ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სომხურით, როგორც სხვა ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობით, მხოლოდ უნდა ვიამაყოთ, როგორც საჯაროდ არაერთხელ განუცხადებია მიხეილ სააკაშვილს, რისვის „დასაჯა“ ხელისუფლებამ სტურუა? ნუთუ საქართველოში ადამიანს სომეხი უწოდო – შეურაცხყოფაა ან დანაშაული, რომელიც სასჯელს იმსახურებს?! არადა, სწორედ ასე გამოდის ჩვენი ქვეყნის მბრძანებლების ლოგიკით...

 

საქინფორმის რედაქცია