პოლიტიკა
„ქართული პარტია“ რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს

qartuli-partiis-logoროგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, „სააკაშვილის რეჟიმი განაგრძობს განსხვავებული  პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეების დევნას და სწორედ ამ ანტიდემოკრატიული ტენდენციის მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს ცნობილი რეჟისორის, რობერტ სტურუას, გათავისუფლება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან“.

„სააკაშვილის ხელისუფლება ვერ იტანს თავისუფალ აზრს,  ობიექტურ კრიტიკას და მის ჩასახშობად მიზანმიმართულად ავიწროებს იმ  ადამიანებს, ვინც სიმართლის ხმამაღლა თქმას ბედავს. სწორედ გაბედული მოქალაქეობრივი პოზიცია გახდა რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი“, – აცხადებენ „ქართულ პარტიაში“.

პარტია ხელისუფლების ქმედებას ცნობილ ხელოვანთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს  და მოითხოვს, სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტოს მსგავსი უზნეო ქმედებები.

შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა ორი დღის წინათ თანამდებობიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით იქნა გათავისუფლებული.

 

საქინფორმი