სამართალი
„თავისუფალი საქართველო“: „მამუკა ზერეკიძე (გიორგი ზერეკიძის მამა) მოკლულია“

zerekidze„თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული კორესპონდენციის თანახმად, 16 აგვისტოს სასჯელაღსრულების მე-6  დაწესებულებაში გარდაიცვალა მამუკა ზერეკიძე.

მამუკა ზერეკიძე გახლდათ გიორგი ზერეკიძის მამა, რომლის დაპატიმრებასაც რამდენიმე წლის წინათ (მაშინ გიორგი ზერეკიძე 14 წელს მიუღწეველი პირი იყო) საზოგადოებაში სერიოზული  ვნებათაღელვა მოჰყვა. ოჯახის შეუპოვარმა პოზიციამ და შეურიგებელმა ბრძოლამ ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია და მოგვიანებით თავად მამუკა ზერეკიძეც იქნა დაპატიმრებული.

როგორც ზერეკიძის მეუღლე ლიკა ზერეკიძე განმარტავს, გარდაცვალების მიზეზად დენის დარტყმას ასახელებენ. მისივე თქმით, გარდაცვლილი სახლში გუშინ მიასვენეს.

როგორც ცნობილია, მამუკა ზერეკიძის შვილს, არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძეს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, რასაც მისი თანაკლასელები, ოჯახი და უფლებადამცველები, ასევე, ოპოზიცია აპროტესტებდნენ.

მოგვიანებით გიორგი ზერეკიძის მამა მამუკა ზერეკიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და რუსთავის ციხეში იხდიდა სასჯელს.

ოფიციალური ვერსიით, მამუკა ზერეკიძის დაღუპვა უბედურ შემთხვევას უკავშირდება, არაოფიციალური ინფორმაციით კი, ცნობილია, რომ გარდაცვლილს თავის არეში აღენიშნება ტრავმული დაზიანებები.

„საქართველოში  უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საეჭვო ვითარებაში ათეულობით პატიმარია გარდაცვლილი და არცერთი მათგანის გამოძიება არ მიმდინარეობს. საქართველოს სასჯელაღსრულების  სისტემაში არსებული ვითარება უკვე რეალურად შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების კარგად ორგანიზებული ინდუსტრია, რაც არაფრით ჩამოუვარდება არც ბოლშევიკური და არც ნაცისტური რეჟიმის მიერ შექმნილ ანალოგიურ სისტემებს“, – ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ გზავნილში.

„კატეგორიულად მოვითხოვთ სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმისგან, დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით და დაკვირვებით. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს: შეაჩერეთ დაკანონებული მკვლელობების სერია საქართველოს ციხეებში!“ – ნათქვამია კორესპონდენციაში, რომელსაც ხელს აწერს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე  კახა კუკავა დასაზოგადოებრივი  დამცველი ირინა ფუტკარაძე.

 

საქინფორმი