საზოგადოება
კერძო საგადასახადო ინსპექტორებმა ნადირობა დაიწყეს

salaroaparatiშემოსავლების სამსახურის ახალი საპილოტე პროგრამა „კერძო ინსპექტორი“ უკვე ამოქმედდა. პროექტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ნაცვლად, მეწარმეებს აკონტროლებენ და ამოწმებენ რიგითი მოქალაქეები. კერძო საგადასახადო ინსპექტორობის მსურველებს კონკურსის წესით არჩევენ და შესაბამის უფლებებსაც ანიჭებენ. მათ დარღვევების გამოვლენა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის, სალარო ჩეკის არამობეჭდვის ან განგებ მცირე რაოდენობით თანხის მითითების შემთხვევაში ევალებათ. ისინი თვითდაფინანსებაზე მუშაობენ, რამდენ კანონდამრღვევ მეწარმესაც გამოავლენენ, იმდენ ფულად სარგებელს მიიღებენ შემოსავლების სამსახურისგან ბონუსების სახით. ექსპერტები კი სწორედ ამაში ხედავენ პროექტის ნაკლს და როგორც საქინფორმი მათ მოსაზრებებზე დაყრდნობით წერდა,  მოვაჭრეების მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა.

როგორც ჩანს პროგნოზი გამართლდა, თანაც, პროექტის ამოქმედებიდან რამდენიმე კვირაში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვარკეთილში ჯიხურთან გულშეღონებულ ფეხმძიმე გოგოს „ნაბეღლავი“ მოუთხოვია. მიუწოდებიათ თუ არა, წამომდგარა და ოქმი გამოუწერია – ჩეკი რატომ არ ამოარტყითო.

საქინფორმი შეეცადა, შეემოწმებიან ეს ინფორმაცია. ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეთაგან ამ ფაქტის თვითმხილველი არავინ აღმოჩნდა, გაგონილი კი ყველას ჰქონდა. თუმცა კერძო საგადასახადო ინსპექტორების ანკესზე წამოგებულნი სხვებიც აღმოჩნდნენ. მოვაჭრეების თქმით,  ინსპექტორებს საკუთარი სამოქმედო გეგმა  აქვთ შემუშავებული, ობიექტზე ორნი ან სამნი მიდიან და სხვადასხვაგვარად ცდილობენ, მოვაჭრე „ფაქტზე გამოიჭირონ“.

„ორი ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა, ერთმა სიგარეტი მოითხოვა, ათლარიანი მომაწოდა, ვიდრე ხურდას მივუბრუნებდი, მეორემ დახლ-მაცივრიდან ორი ნაყინი აიღო, ლარი მაგიდაზე დამიდო და გავიდა მაღაზიიდან, მან კი, ვინც სიგარეტი იყიდა, ხურდა დავუბრუნე თუ არა – ნაყინზე ჩეკი არ ამოგირტყამთო, მოწმობა მაჩვენა და ჯარიმის ოქმი შემიდგინა. ცოტა ხნის მერე გვერდით მაღაზიიდან გამყიდველის ჩხუბი და წყევლა-კრულვა შემომესმა, ისიც დაუჯარიმებიათ.  როგორც აღმოჩნდა, იქაც ორი გოგონა შესულა, და ზუსტად იგივე გაუკეთებიათ. ოღონდ, ნაყინი კი არა, პური აუღიათ“, – გვიამბო ვარკეთილის მეტროსთან მდებარე მაღაზიის გამყიდველმა ლიანა შიოშვილმა.

 

საქინფორმი