სამართალი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სასტუმრო „აფხაზეთის“ ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სამინისტრომ დევნილების გამოსახლებით მათი 20-წლიანი ტანჯვა დაასრულა.
„დასრულდა 20-წლიანი ტანჯვა იმ ადამიანებისა, ვინც ამ ჯოჯოხეთურ და ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდა სასტუმრო „აფხაზეთში“. სამინისტრომ აუსრულა მათ წინასაარჩევნო დაპირება და სამინისტროს შუამდგომლობითა და ფასილიტაციით შენობის მეპატრონემ ამ ადამიანების ნაწილს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარებში), მეორე ნაწილს კი, ვისაც სურვილი ჰქონდა, შესთავაზა ბინა რუსთავში. პროცესი განხორციელდა გაეროს ჩართულობით და საერთაშორისო ნორმების დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ნაწილმა სუბელიანის უწყების ეს განცხადება უკვე შეაფასა და მას ცინიკური უწოდა იმ ფონზე, რომ სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლებული დევნილების ტანჯვა, მათი აზრით, სწორედ იმ წუთიდან დაიწყო, როცა ისინი დროებითი ჩასახლების ადგილიდან გაყარეს. დევნილების უმრავლესობას არც კომპენსაცია მისცეს და საცხოვრებლად ისეთი ადგილები შესთავაზეს, სადაც ადაპტაციის პირობები არაა.
საქინფორმი