საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის გუშინდელი სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს რთველის სეზონისთვის მზადების შესახებ ინფორმაციის მოწოდება სთხოვა.
ბაკურ კვეზერელის განცხადებით, შეხვედრები შედგა სექტორის წარმომადგენლებთან, როგორც მევენახეებთან, ისე გადამამუშავებელ საწარმოებთან, მეღვინეებთან. შეჯერდა საპროგნოზო რაოდენობა, რასაც გადაამუშავებენ ამ საწარმოებში.„იმუშავებს 27 კომპანია, რომელიც ოპერირებას 32 წერტილში გააკეთებს. ყურძნის მიღება 32 ადგილას იქნება. საწარმოებისგან მიღებული განაცხადების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი მოსავლის მიუხედავად, განსაკუთრებული პრობლემები არ იქნება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად და ორგანიზებულად მივიღოთ და გადავამუშაოთ მოსავალი“, – აღნიშნა ბაკურ კვეზერელმა.
სახელმწიფომ ბიუჯეტიდან გამოყო თანხები მევენახეთა ფინანსური მხარდაჭერისთვის. „გლეხები ვაუჩერის სახით დამატებით დახმარებას მიიღებენ. აქტიურად, სახელმწიფო კომპანიების მეშვეობით მივიღებთ და გადავამუშავებთ მთლიან მოსავალს, რომელიც იქნება აღებული“, – დასძინა ბაკურ კვეზერელმა.
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, რთველი 25 აგვისტოს დაიწყება და გაგრძელდება 7-8 კვირის განმავლობაში. ამ დროისთვის უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაქსიმალური მობილიზება, რომ ეს რთველიც, გასული წლების მსგავსად, წარმატებულად ჩატარდეს.
საქინფორმი