საიას წინა პერიოდში გავრცელებული არაერთი განცხადების მიხედვით, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა იძულებით გამოსახლებას, ვიდრე სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პოლიცია ვალდებული იყო, დევნილის მოწმობის (რომელიც მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს) წარდგენისთანავე შეეწყვიტა კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები.
საიას აზრით, სასტუმრო „აფხაზეთში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების გამოსახლება, რომლებთანაც გამოსახლების მომენტისათვის არ ყოფილა დადებული წერილობითი შეთანხმება და არც სხვა საცხოვრებელი ფართის შეთავაზება მომხდარა (რომელიც არ გააუარესებდა მათ საყოფაცხოვრებო პირობებს), ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ პირების მიმართ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას.
ამასთან, ყველა დევნილს, რომელიც იძულებით იქნა გამოსახლებული სასტუმრო „აფხაზეთიდან“ და, შესაბამისად, დაერღვა უფლებები, საია უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
საქინფორმი