საქსტატის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული დაზუსტებული მონაცემებით, 2010 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 814 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24 %-ით აღემატება – 2009 წლის და 47%-ით – 2010 წლის წინასწარ მონაცემებს.
2010 წელს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების წილმა საქართველოში 58% შეადგინა. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 248 მლნ აშშ დოლარი და მთლიანი ინვესტიციების 30% შეადგინა, ხოლო დსთ-ის წევრი ქვეყნებიდან – 91 მლნ აშშ დოლარი და, შესაბამისად, 11 პროცენტი.ქვეყნების მიხედვით პოზიციები ასე განაწილდა : ევროკავშირის ქვეყნები – 248,2 მლნ აშშ დოლარი (30,5%); დსთ-ის ქვეყნები – 91,2 მლნ აშშ დოლარი (11,2%); აშშ – 135,8 მლნ აშშ დოლარი (16,7%); თურქეთი – 91,8 მლნ აშშ დოლარი (11,3 %); ნიდერლანდები – 73,4 მლნ აშშ დოლარი (9,0%); გაერთიანებული სამეფო – 59,0 მლნ აშშ დოლარი (7,2%); აზერბაიჯანი – 58,0 მლნ აშშ დოლარი (7,1%); არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 55,5 მლნ აშშ დოლარი (6,8%); დანარჩენი ქვეყნები – 341,1 მლნ აშშ დოლარი (41,9%).
2010 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურაში პირველ ადგილზე აშშ იმყოფება 17 პროცენტით, მეორეზე – თურქეთი 11 პროცენტით, მესამეზე – ნიდერლანდები 9 პროცენტით, ხოლო მომდევნო პოზიციებს გაერთიანებული სამეფო, აზერბაიჯანი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები იკავებენ დაახლოებით 7-7 პროცენტით წინა წლებთან შედარებით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მცირე მოცულობის მიუხედავად, მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანდაცვის სექტორში.
2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა მშპ-ში 7% შეადგინა, 2008 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 12 %-ით განისაზღვრა, ხოლო 2009 წელს 6% იყო.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2010 წლის დაზუსტებული მონაცემები წინასწართან შედარებით 47 პროცენტითაა გაზრდილი. ასეთი მკვეთრი განსხვავების ძირითად მიზეზს შორის აღსანიშნავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაანგარიშების ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა, რომელიც მოითხოვს კომპანიების კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლების გამოყენებას, რის გამოც გაიზარდა გამოსაკვლევი ბიზნესსუბიექტების მოცვა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოები წელიწადში ერთხელ აზუსტებენ საანგარიშო პერიოდის საბალანსო მონაცემებს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, საქსტატი წინასწარ წლიურ მონაცემებს ანგარიშობს ოთხი კვარტლის შეჯამებით, ხოლო წელიწადში ერთხელ ატარებს წლიური პერიოდულობის გამოკვლევას. მიღებული შედეგების საფუძველზე წარმოებს კვარტალური მონაცემების შესწორება და დაზუსტებული წლიური მაჩვენებლის გაანგარიშება.
საქინფორმი