პუბლიკაციები
ადამიანები ,,მჭიდიდან”

tato2შევეჩვიეთ, რომ შეგვიძლია თავისუფლად გამოვთქვათ ჩვენი აზრები, ჩინოვნიკებს კი აქვთ უფლება, მოგვისმინონ. ჟურნალისტები თავისუფლად განსაზღვრავენ პრიორიტეტულ თემებს, პოლიტოლოგები და ექსპერტები თავისუფლად გადმოსცემენ თავიანთ თვალსაზრისს ამა თუ იმ საკითხზე. გვაღელვებს მხოლოდ ის ვითარება, რომ ყველგან ერთი და იგივე სახეებია. მიდიხარ მანქანით, ჩართავ რადიომიმღებს, უსმენ კომპეტენტურ აზრს, მაგალითად, დასავლეთ ევროპის კულტურის ინტეგრაციის, დასავლური დემოკრატიული ფასეულობებისაკენ სწრაფვის და, რასაკვირველია, იმის შესახებ, თუ როგორ გვიშლის ყოველივე ამაში ხელს ცუდი და ბოროტი მეზობელი. საღამოს კი იგივენი განიხილავენ სხვა საჭირბოროტო საკითხებს, შემდეგ დილით გადაშლი გაზეთებს, ელოდები რაღაც ახალს, მაგრამ... კვლავ ისინი!

ისინი აზროვნებენ და ლაპარაკობენ ძირითადად შტამპებით. მათ აქვთ შესანიშნავი მეხსიერება, კარგად იციან დირექტივები, ხოლო უნარი - მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრები - მათ ანალიტიკოსების სახელს უქმნის. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ცოცხალ აზრს აქტიურად ახშობენ. ისინი ისე კარგად ,,მოასწორებენ” ნებისმიერ თემას, რომ მასში ვერ იპოვი ვერც ერთ ცოცხალ აზრს. ყველაფერი იკითხება და ისმინება გამართულად, თუმცა ცოდნას არ გძენს, მაგრამ არ იწვევს ,,პარტიულად მოაზროვნე” საიდუმლო ცენზორების წინააღმდეგობას, რასაც დღევანდელობაში ნაკლები მნიშვნელობა როდი აქვს. ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტები ზოგჯერ ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, მათი უარყოფაც კი სამარცხვინოა. მაგრამ, მეორე მხრივ, რახან ასეთ სისულელეს სინქრონულად ავრცელებენ, და ამას არა თუ უარყოფს ვინმე, არამედ ამაყადაც აღიქვამენ, ეს უკვე ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ვიღაცისთვის ხელსაყრელია ადამიანთა ტვინების დატენვა იმ ნაგვით, თავს რომ გვახვევენ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს მეშვეობით. შედეგად საინფორმაციო პროდუქტების მომხმარებელი ხომ უბრალოდ ჩერჩეტდება?!

რა პრობლემაა? რა უბედურება ესაა? მთავარი ამოცანაა, დავიცვათ გენერალური ხაზი: ერთი ქვეყანა კარგია და კეთილი, მეორე - ცუდი და ბოროტი. ერთი მუდმივად ქმნის პრობლემებს, მეორე - ასეთივე დაბეჯითებით გვეხმარება მათ გადაწყვეტაში. ჯერ ერთი, ეს ლაპარაკობს კეთილი სახელმწიფოს მეტად პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელმაც ცოტა შრომა და სახსრები როდი დახარჯა იმავე ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მომზადებისათვის. მათმა მეორე ნაწილმა კი, რომელმაც მიიღო საბჭოთა განათლება, დროულად იგრძნო, საიდან უბერავს ნიავი, თავად შეცვალა ორიენტაცია საჭირო მიმართულებით. და როდესაც ,,მჭიდში” მოექცა, ბუნებრივია, მოიგო. ერთი შეხედვით, იგი რეგულარულად ფინანსდება გარკვეული პროექტების განხორციელებისათვის, მუდმივად მონაწილეობს სოლიდურ საერთაშორისო ფორუმებში და ასე შემდეგ, განსაკუთრებით გამორჩეული ნაწილი კი იმედს არ კარგავს მაღალ პოლიტიკურ პოსტებზე. ერთი სიტყვით, ეს კატეგორია კმაყოფილია თავისი არჩევნებით და შეპყრობილია ხბოს აღტაცებით იმ ,,სამართლიანობის” გამო, რაც მასზე ვრცელდება.

რა მათი საქმეა სინამდვილე... ასეთი ადამიანები არაფერს გრძნობენ, გარდა სიამოვნებისა. ამაზეა გათვლილი კორპორატიული სისტემაც - ადამიანი, რომელიც განეკუთვნება გარკვეულ საზოგადოებრივ წრეს, შრომობს და ცხოვრობს ამ ფენის ადამიანთა შორის, დადის სტუმრად და სტუმრად იღებს იმავე წრის წარმომადგენლებს, საიდანაც თვითონაა.

რაზეა საუბარი! მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავების მეტად ბრძნული და პრაქტიკული სქემა ,,ახალი ეროვნული ელიტის” შექმნაა. არავითარი ცენზურა არაა საჭირო და ვერც ვერავინ გაბედავს იმის თქმასაც კი, რომ ჩვენთან სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემებია. შეხედეთ ტელეეკრანს. თითქმის ყოველდღიურად განიხილავენ ნებისმიერ მეტად მწვავე თემასაც კი, მიმდინარეობს გაცხარებული დავა და ესაა დემოკრატიის ნიშანი, რასაც მხოლოდ შეიძლება მიესალმო. მაგრამ მაყურებელი, ალბათ, ყოველთვის ვერ ამჩნევს, რომ დაცულია თითქმის ერთადერთი, მაგრამ აუცილებელი პირობა; დისკუსიებში აუცილებლად მონაწილეობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებსაც ჩვენი ყურადღება გადააქვთ ქვეყანაში მიმდინარე რეალური პროცესებისაგან სხვა თემაზე. მათ იციან, სად და როგორ ილაპარაკონ. ისინი დაწერენ და ილაპარაკებენ, რაც გინდა. ახლოვდება არჩევნები და საჭიროა მხარდაჭერა!

ასეთი ადამიანები მათი ოსტატობისა და გონების გამო არიან ასატანები, მაგრამ მათ ბოლომდე არასოდეს ენდობიან. ესენი არიან ადამიანები ,,მჭიდიდან”...


ტატო ლასხიშვილი,
გაზეთ ,,სვობოდნაია გრუზიასმთავარი რედაქტორი