სამართალი
სოფიო ხორგუანი: „დევნილებმა მიიღეს ბილეთი მარშრუტზე – თბილისი – არსაით“

xorguanidevnilebzeროგორც საქინფორმს „ქართული პარტიის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ სოფიო ხორგუანის თქმით, დევნილების დევნის მეორე წრე დაიწყო და  ამას  ამჯერად უკვე თავად საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილების გამოსახლების საკითხზე საუბრისას სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ იტყვის, თითქოს ისინი აღნიშნულ შენობაში უკანონოდ იყვნენ შეჭრილი.

„ხელისუფლება თავად არღვევს უხეშად კანონს, როდესაც  არ ასრულებს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის № 47 განკარგულებას „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ“. არადა, ამ დოკუმენტის მომზადებაზე საერთაშორისო დონორების მიერ  გამოყოფილი სოლიდური თანხა დაიხარჯა“, – აღნიშნავს ოპოზიციის წარმომადგენელი.

ამასთან, ხორგუანი საზოგადოებას შეახსენებს 2007 წლის 29 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ნათქვამ შემდეგ სიტყვებს: „ეს არის დავალება. დევნილებს გადაეცით ყველა ადგილი, რომელიც ამჟამად სახელმწიფოს ეკუთვნის“.

გარდა  ამისა, ხორგუანი საზოგადოებას სააკაშვილის ერთ-ერთ დაპირებასაც ახსენებს. „2007 წლის 1 დეკემბერს სააკაშვილი დევნილებს დაჰპირდა, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ყველაფერი კარგად ჩაივლის  და ჩვენ ყველანი მივიღებთ ბილეთს თბილისი-სოხუმის მატარებელზე“. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ეს ადამიანები თბილისი-სოხუმის მატარებელზე ბილეთს, ალბათ, ვერ მიიღებენ. სამაგიეროდ, მათ მიიღეს ბილეთი მარშრუტზე „თბილისი – არსაით“, იმიტომ, რომ ამათთვის უცნობია, სად უნდა წავიდნენ“, – აცხადებს ხორგუანი.

 

საქინფორმი