„თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, აგვისტოს ტრაგედიიდან 3 წლის შემდეგ, ალბათ, შეიძლება კიდევ ერთხელ მიეცეს მოვლენებს ზუსტი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება.
გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
1. საწყისი მიზეზი აგვისტოს ტაგედიისა გახდა 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ჩამოყალიბებული რეალიები, როდესაც რუსეთის ფედერაციამ რეალურად არ ცნო დამოუკიდებელი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერდა სეპარატიზმს სამხრეთ კავკასიასა და დნესტრისპირეთში.2. 2003 წლის შემდეგ ე.წ. გაყინული კონფლიქტები აშკარად გაღვივდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა აირჩია საკითხის გადაწყვეტის აგრესიული, თუ არა მილიტარისტული ტაქტიკა:
– ნატოში ფსევდოინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც უფრო რუსეთის გაღიზიანებისთვის იყო მიმართული, ვიდრე რეალური ინტეგრაციისკენ;
– მილიტარისტული რიტორიკა, რომელიც იწვევდა არა მარტო მოსკოვის, არამედ ცხინვალისა და სოხუმის შეშფოთებას;
– სრულიად უავტორიტეტო სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნა და დე ფაქტო ადმინისტრაციებთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტა, განსაკუთრებით, კონფლიქტების მინისტრის პოსტიდან გიორგი ხაინდრავას გათავისუფლების შემდეგ;
– აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოება და ოპოზიცია აფრთხილებდა სააკაშვილს, რომ შეეწყვიტა ეს კონტრპროდუქტიული კურსი. 2006 წელს ჩვენმა საპარლამენტო ფრაქციამ შეიტანა პარლამენტში დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მდგომი რუსეთის სამხედრო ძალებისთვის მანდატის შეწყვეტას და საკითხის სამართლებრივ ჭრილში მოწესრიგებას, თუმცა სააკაშვილის ფრაქციამ ვეტო დაადო პროექტს;
3. 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა გადადგა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომელიც როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე მორალური და ისტორიული ასპექტით წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს, პირველ რიგში, ქართველი ერის წინაშე – სამხედრო ძალით ქ. ცხინვალის დაკავება:
– კაპიტულაციის ხელმოწერის შემდეგ სააკაშვილი და სამხედრო დამნაშავეთა ჯგუფი უარყოფს, თითქოს მათ მიიღეს გადაწყვეტილება ცხინვალზე შეტევის შესახებ და იქ „შემთხვევით“ თავდაცვითი ოპერაციებისას აღმოჩნდნენ. რაც შეეხება ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებებს, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ხელმძღვანელების მიერ, რომ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა სამხრეთ ოსეთში, არც მეტი, არც ნაკლები, სააკაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ეს სამხედრო მოქმედების დროს გამოწვეულ კონტუზიას მიაწერეს.
– ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს წარმოადგენდა ღამით ცხინვალის მშვიდი მოსახლეობის დაბომბვა, რასაც მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა;
– დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი სამხედრო მოქმედებების დაწყებისა სააკაშვილისათვის იყო 2007-2008 წლებში პოპულარობის კატასტროფული ვარდნით გამოწვეული კრიზისის დაძლევა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 8-9 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით მიმდინარეობდა საპრეზიდენტო ფლაგშტოკებისა და სხვა ატრიბუტიკის გადაზიდვა იქ პომპეზური პროპაგანდისტული ღონისძიებების გამართვისთვის;
– სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები დაადასტურა ევროკავშირის ეგიდით შექმნილმა ტალიავინის დამოუკიდებელმა კომისიამ, რაც მომავალში საფუძველი გახდება სამხედრო დამნაშავეთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის სასამართლოს გამართვისთვის;
4.სამხედრო მოქმედებებმა გამოავლინა საქართველოს სამხედრო და პოლიციური ხელმძღვანელობის სრული არაკომპეტენტურობა:
– სააკაშვილი 3 დღის მანძილზე 8-9 და 10 აგვისტოს ატყუებდა საქართველოს მოსახლეობას, რომ რეგიონს მთლიანად საქართველოს სამხედრო ძალები აკონტროლებდნენ და რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა საერთაშორისო მედიით რუსეთის სამხედრო ძალების ინტერვენციის შესახებ, „სრული სისულელე იყო“;
– სწორედ ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად აშკარა იყოს რუსეთის სამხედრო ძალების დიდი უპირატესობა, სააკაშვილის ბრძანებით გრძელდებოდა სამხედრო მოქმედებები, რასაც მოჰყვა ერთმანეთთან კავშირგაწყვეტილი და მეთაურის გარეშე დარჩენილი ქვედანაყოფების (რამდენიმე ასეული ადამიანი) ლიკვიდაცია მოწინააღმდეგის მიერ;
– პირველი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ გამოჩნდა ის, რასაც სამხედრო ექსპერტები წლების მანძილზე მიუთითებდნენ რეჟიმს, რომ ე.წ. სარეზერვო სისტემა უუნარო იყო სამხედრო მოქმედებებისთვის და მათ უწესრიგოდ დატოვეს რეგიონის ტერიტორია. ასევე, სრულიად არაკომპეტენტურობა გამოავლინეს მინისტრმა მერაბიშვილმა, შტაბის უფროსმა გოგავამ და სხვებმა;
– პირადად სააკაშვილის არაკომპეტენტურობის მწვერვალი გახდა 6-პუნქტიან შეთანხმებაში შეტანილი შესწორება, რომლის შემდეგაც რუსეთს მიეცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცალმხრივად აღიარების მოტივიც და შესაძლებლობაც (რუსულ ვარიანტში იგულისხმებოდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე უნდა დაწყებულიყო საერთაშორისო დისკუსია, სავარაუდოდ, რუსეთი ამ დისკუსიის პროცესში დააყენებდა კოსოვოს სტატუსის გადახედვის აუცილებლობასაც. სააკაშვილის მოთხოვნით (ან მისი უცხოელი მრჩევლების მოთხოვნით) ეს პუნქტი ამოღებულ იქნა);
5. არაკომპეტენტურობასთან ერთად სააკაშვილის რეჟიმმა გამოავლინა ლაჩრობისა და სულმოკლეობის არაერთი მაგალითი:
– 11 აგვისტოს, როცა მდუმარე თბილისი ელოდებოდა დედაქალაქში საოკუპაციო ძალების ინტერვენციას, მთელი სახელისუფლებო ადმინისტრაცია წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტზე იყო მობილიზებული;
– სახელისუფლებო ადმინისტრაციის მეორე ნაწილი (დასავლეთ საქართველოში) ოკუპანტების კოლაბორაციონიზმის გზას დაადგა და შესაბამისი პრივილეგიაც მიიღო. მაგ.: სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია 2 დღე მუშაობდა რუსი გენერლის – ჩაბანის პირად მძღოლად;
– მთელი მსოფლიო მოიარა სააკაშვილის გაქცევის კადრებმა გორში.
– ამავე პერიოდში სიმტკიცე არ დაუკარგავს ქართველ საზოგადოებას. არ დაფიქსირებულა ომის პერიოდში ოპოზიციის ან სამოქალაქო საზოგადოების არცერთი მცდელობა – პოლიტიკური მოტივებით გამოეყენებინა მიმდინარე პროცესები და სახელისუფლებო კრიზისი.
6. ომმა გამოავლინა დასავლეთის პარტნიორების მიდგომებში არსებული დიდი განსხვავება:
– ევროპამ, მიუხედავად მწირი შესაძლებლობისა, ყველაფერი გააკეთა სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად. გერმანიის საგარეო მინისტრი შტაინმაიერი, რომელიც ომის დაწყებამდე იმყოფებოდა თბილისში და მისცა შესაბამისი რეკომენდაცია სააკაშვილს, იტალიის პრემიერ- მინისტრი ბერლუსკონი, რომელმაც მოსთხოვა რუსეთს, შეეწყვიტა თბილისის მიმართულებით სამხედრო ძალების გადაადგილება, და განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და ააცილა საქართველოს კიდევ უფრო დიდი ტრაგედია;
– სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ არ გადადგა არანაირი ქმედითი ნაბიჯი საქართველოს დასახმარებლად, თუ არ ჩავთვლით ჰუმანიტარული დახმარების მცირე პარტიას. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მათი უაპელაციო მხარდაჭერა და პოლიტიკური გარანტიები საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესების მიმართ, გახდა ერთ-ერთი მასტიმულირებელი გარემოება სააკაშვილისთვის, მიეღო რადიკალური გადაწყვეტილება.
– პრინციპულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია – არ აღიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლინობას.
7. რუსეთის ფედერაციის მოქმედებები, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად განხორციელდა სააკაშვილის მიერ უპირობო კაპიტულაცია, შეიძლება შეფასდეს როგორც
– დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია;
– სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის შესახებ. განსაკუთრებით არალოგიკური იყო ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ხელისუფლბა თავად გამოდიოდა ამ პრინციპების თანმიმდევრად და დამცველად კოსოვოს კრიზისის დროს;
8. დღეს, ტრაგედიიდან 3 წლისთავზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კრიზისის დაძლევის გზების ძიება:
– საქართველოს ხელისუფლებამ და პირადად სააკაშვილმა საერთოდ დაივიწყა ეს თემა. სააკაშვილის ბოლო 3 წლის საჯარო გამოსვლებში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები – „აფხაზეთი“, „ცხინვალი“ და „ნატო“ – შეცვალა სიტყვებმა – „ტურიზმი“, „ბათუმი“ და „მესტია“; ამავე დროს, ახალი საფრთხეების შემცველია გამოგონილი ტერაქტებისა და ჯაშუშების შესახებ ახალი და ახალი პროვოკაციებისა და ისტერიების მოწყობა რუსეთის წინაღმდეგ;
– მივესალმებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს ინიციატივას რუსეთთან დიალოგის დაწყების შესახებ. მივესალმებით, აგრეთვე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის ბრძნულ პოზიციას საქართველოს ეკლესიის მთლიანობის აღიარების შესახებ.
– მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სწორი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ცალსახად ემიჯნება რეჟიმის ნებისმიერ მილიტარისტულ ინიციატივას და უპირობოდ მხარს უჭერს ყველანაირი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას;
– საყურადღებოა, აგრეთვე, ის სიგნალები, რომელსაც პოსტკონფლიქტურ პერიოდში აკეთებენ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ შესაძლებელია შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში გადაწყდეს ყველა სადავო საკითხი.
„თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს რუსეთთან ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას:
– უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი ცხინვალისა და სოხუმის არსებულ ხელმძღვანელობებთან, მინიმუმ, რუსეთის მონაწილეობით, და უკეთეს შემთხვევაში, რუსეთის შუამავლობით;
– სტატუსის საკითხთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრი უნდა მოემზადოს გრძელვადიანი დისკუსიისთვის და უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ამ საკითხის მოკლევადიანი გადაწყვეტა.
– პარალელურად განხილულ უნდა იქნეს ის საკითხები, რომლებიც რეალურ წინაპირობას წარმოადგენს კონფლიქტების საბოლოო გადაწყვეტისთვის, იქნება ეს რეგიონების სოციალ- ეკონომიკური რეაბილიტაცია თუ მთლიანად საქართველოს უსაფრთხოების ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება როგორც დასავლეთის, ისე რუსეთისთვის.
საქინფორმი