აღმოსავლეთ საქართველოში ამერიკული სიმინდი ყველაზე დიდი რაოდენობით ლაგოდეხის რაიონსა და წნორში დაითესა. კახელები მოსავლით კმაყოფილი არიან, თუმცა მოსავლის დაბინავებაში საფრთხეებს ხედავენ. ამბობენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კახეთში ამდენი სიმინდი არ დათესილა. შესაბამისად, ამ მოცულობის მარცვლეულის შესანახი მეურნეობები არ არსებობს, სიმინდს კი რეალიზაციამდე გამოშრობა სჭირდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ კახეთში უკვე მიმდინარეობს ერთ-ერთი ასეთი საშრობის მშენებლობა, რომელიც 40-45 ათას ტონა მარცვლეულს დაიტევს. კიდევ ერთი ასეთი საშრობი გურიაში აშენდება. თუმცა პროგნოზირებული მოსავალი 300000 ტონაა და კითხვა – სად გამოშრება დანარჩენი მარცვლეული, გლეხებსაც აწუხებთ. ადგილობრივები შიშობენ – სიმინდის მოსავლის შემთხვევაშიც იგივე არ მოხდეს, რაც კახეთში ბოლო წლების განმავლობაში ყურძენთან დაკავშირებით ხდება– მევენახეებს სახელმწიფოს სუბსიდიის გარეშე ყურძნის გასაღება უჭირთ. ხელისუფლება ირწმუნება, რომ სიმინდი საქართველოდან საექსპორტოდ გავა, მაგრამ ვინ გაიტანს ან რა ფასად შეისყიდიან მოსავალს, ჯერ გაურკვეველია.
საქინფორმი