პოლიტიკა
ქუჩაში გამოყრილი დევნილები თავშესაფრის მოთხოვნას უცხო ქვეყნებში აპირებენ

devnilebi_tavshesafariსასტუმრო „აფხაზეთის“ შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობის პერიმეტრი ჯებირებითაა გარშემორტყმული, რომელსაც სამართალდამცველები იცავენ. შენობის წინ სატვირთო მანქანებია მობილიზებული, რომლებშიც დევნილების ნივთები იტვირთება. დევნილთა განმარტებით, მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს და 10 000-დოლარიან კომპენსაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებასაც დათანხმდნენ.

ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც სასტუმროს ტერიტორიაზე შეუშვეს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვა ადგილობრივ დამკვირვებლებს პოლიციელები შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა არ უშვებენ.

დაახლოებით 40-მდე ოჯახის გამოსახლების პროცესი 06:00 საათიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დევნილთა უმრავლესობამ 13 აგვისტოს ნებაყოფლობით დატოვა შენობა.

ისიც ხაზგასასმელია, რომ გამოსახლების პროცესი თავდაპირველად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით შენობიდან გამოსულმა ერთ-ერთმა დევნილმა აზა მიქავამ განაცხადა, რომ მისი და სხვა დევნილების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც ისინი შენობიდან გამოაძევეს.

გამოსახლებული დევნილების ნაწილის გაცხადებით, ისინი თავშესაფარს უცხო ქვეყანაში მოითხოვენ.
მათი წარმომადგენლების თქმით, შესაბამისი თხოვნით მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს.

როგორც დევნილები აცხადებენ, ხელისუფლებამ ისინი ქუჩაში კანონის დარღვევით გაყარა.

 

საქინფორმი