ჩვენი სახელოვანი მომღერლის, პაატა ბურჭულაძის რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარტიაა ნაბუკო. მაგრამ დღეს, როდესაც ნაბუკოს ახსენებენ, ოპერას ან ბიბლიურ გმირ ნაბუქოდონოსორს კი არ წარმოვიდგენთ, არამედ გაზსადენს, რომელიც შენდება თუ არ შენდება, ვერავის გაუგია და რომელსაც საქართველოზე უნდა გაევლო.
წინა კვირაში რიხით გვაცნობეს, რომ ბაქოში სამმა პრეზიდენტმა – სააკაშვილმა, ალიევმა და რუმინეთის პირველმა პირმა ხელი მოაწერეს პროექტს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის გაზი საქართველოს გავლით ფოთში ჩავიდოდა, იქ საცავი აშენდებოდა და შემდეგ ტანკერებით რუმინეთში გადაიტანდნენ “მთელი ევროპისათვის”. ეს ცოტა რთულად განსახორციელებელი პროექტი მეორე დღეს ქართული ტელეეთერიდან გაქრა. არადა, ასეთ საპიარო პროექტს ჩვეულებრივ მთელი კვირა ატრიალებენ ხოლმე.
საქმე ისაა, რომ იმავე დღეს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ყაზახური გაზის უკრაინის გავლით ევროპისათვის მიწოდების შესახებ. ამით ბაქოს ხელშეკრულებას აზრი დაეკარგა. გაუგებარია, იცოდენ კი ამ სამმა პრეზიდენტმა ასტანის შეხვედრის შესახებ და, თუ იცოდნენ, დროს რატომ კარგავდნენ უაზრო პროექტზე?
ნაბუკოს პროექტს ჯერ კიდევ 2002 წლის თებერვალში ვენაში ჩაეყარა საფუძველი – კასპიური გაზი აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და, შესაძლოა, ირანიდან უნდა მიეწოდებინათ ევროპისათვის. ვინაიდან იმავე საღამოს ხუთი ქვეყნის პირველი პირი (თურქეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ავსტრია) ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის განთქმულ ოპერას დაესწრნენ, სახელწოდება ნაბუკოც ამიტომ მიეცა. 2008 წლის თებერვალში ამ პროექტს გერმანიაც შეუერთდა.
ნაბუკო – ეს სახელი დღეს, ალბათ, ყველა ქართველმა იცის. მაგრამ მე ამოვიღე ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და, ჩემდა გასაოცრად, ვერსად საქართველოს ხსენებას ვერ მივაგენი. იმისათვის, რომ ტენდენციურობა არ დამწამონ, ამიტომ მკითხველს ამ მილსადენთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას მივაწოდებ.
წლეულს, 6 სექტემბერს, ბრიუსელში ხელი მოეწერა “სამანდატო წერილს”, რომელსაც ხელს აწერენ EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), IFC (ევროპის საინვესტიციო ბანკი) და ნაბუკოს კომპანია. ამ მანდატით სამ ფინანსურ ინსტიტუტს ევალება, მოიძიონ ოთხი მილიარდი ევრო ერზრუმის ბაუმგარტენთან (ავსტრია) მილსადენით დაკავშირებისათვის.
2008 წლის თებერვალში აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომ ის გაზის წარმოებას შემდეგ ხუთ წელიწადში ორმაგად გაზრდიდა, რათა იგი ამ მილსადენისათვის მიეწოდებინა. ლაპარაკია შაჰ-დენიზის საბადოზე. თურქეთის პრეზიდენტმა 2009 წლის თებერვალში განაცხადა, რომ ის ამ პროექტში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მას ამ მილსადენით გატარებული გაზის 15% დარჩება, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია კონსორციუმის წევრთა შორის და პრაქტიკულად ჩაშლის პირას დააყენა პროექტი.
ნაბუკოს პროექტი 2009 წელს ორჯერ განიხილეს – აპრილში ენერგეტიკულ სამმიტზე, სოფიაში (იქ სააკაშვილი რომ არ შეუშვეს, დაბოღმილი ბოდრუმში გავარდა – ყველას გვახსოვს ეს ფოტოები) და მაისში პრაღის სამიტზე, რომელსაც ანგელა მერკელი უძღვებოდა (და ერთი ფოტოც არ გვაქვს იმის სანახავად, ხელი მაინც თუ ჩამოართვა მან დაუპატიჟებლად ჩასულ სააკაშვილს).
კონსორციუმის ხუთივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობათაშორის საბოლოო ხელშეკრულებას ხელი 2009 წლის 13 ივლისს მოაწერა. ამ ხელმოწერას ესწრებოდნენ ევროკავშირის პრეზიდენტი მანუელ ბაროზო და ამერიკის კონგრესის წარმომადგენლები. ჩვენმა ტელევიზიებმა გვიჩვენეს, რომ იქ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილიც, მაგრამ სამიტის სტენოგრამაში ის არასად არ არის დაფიქსირებული – ცხადია, კვლავ დაუპატიჟებელი სტუმარი იყო საქართველოსთვის თავის მოსაჭრელად!!!
3,300 კილომეტრის სიგრძის მილსადენი ერზრუმიდან თურქეთის გავლით შევა ბულგარეთში, იქიდან რუმინეთისა და უნგრეთის გავლით მივა ავსტრიის ბაუმგარტენში. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ, ამ დოკუმენტების მიხედვით, ერზრუმს ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი კი არ უერთდება, როგორც ჩვენი პროპაგანდა გვარწმუნებდა, არამედ თაბრიზ (ირანის აზერბაიჯანი)-ანკარის გაზსადენი, ასევე, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, რომელიც თურქმენეთიდან კასპიის ზღვის სამხრეთით გაივლის.
გაზის პოტენციური მიმწოდებლები არიან თურქმენეთი, ყაზახეთი და ერაყის ქურთისტანი. ირანმაც გამოთქვა მზადყოფნა, მაგრამ ამერიკა და ევროკავშირი წინააღმდეგი არიან. ასევე, პროექტს უერთდება ეგვიპტეც არაბული გაზსადენის საშუალებით. ევროპაში კი პოლონეთმა გამოთქვა ახალი მილსადენის აგების სურვილი ბაუმგარტენიდან პოლონეთამდე.
ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კუშნერის განცხადება, რომ “რუსეთს სრული უფლება აქვს, შეუერთდეს ნაბუკოს პროექტს”. არადა, რუსეთს თავისი პროექტი აქვს სახელწოდებით “სამხრეთის ნაკადი”, რომელიც, ასევე, თურქეთთანაა დაკავშირებული.
2009 წლის 6 სექტემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი თურქეთში ჩადის და იქ თურქეთის პრემიერთან ერთად ხელს აწერს ხელშეკრულებას “სამხრეთის ნაკადის” მილსადენის შავი ზღვის ფსკერზე თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მშენებლობის შესახებ.
მაგრამ ნაბუკოს პროექტთან დაკავშირებული ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალურ სფეროშია: ფინანსები ჯერჯერობით მოძიებული არ არის. გარდა ამისა, რუსეთის გაზპრომი აპირებს შაჰ-დენიზის მთელი გაზის შესყიდვას, ხოლო ერაყის ქურთისტანის გაზის მიწოდების საკითხი გაუგებარია. სამხრეთ კავკასიის მილსადენი, რომელიც კასპიის ზღვის სამხრეთით უნდა აშენდეს, ირანის კეთილ განწყობაზეა დამოკიდებული და ა.შ. და რაც მთავარია, წინა კვირაში ასტანაში ხელმოწერილი ხელშეკრულებით, უკრაინას აღარ ექნება პრობლემა, შეუფერხებლად მიაწოდოს გაზი ევროპას. არადა, სწორედ უკრაინის ტრანზიტის არასაიმედოობის გამო მიეცა ნაბუკოს პროექტს ასეთი დიდი სტატუსი. ხოლო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციები ენერგომატარებლების სფეროში სააკაშვილის 2008 წლის ავანტიურამ დაასამარა.
ამავე დროს სტამბულში შეიკრიბა თურქულენოვან ხალხთა სამიტი. მას ესწრებოდნენ ხუთი დამოუკიდებელი თურქულენოვანი სახელმწიფოს პირველი პირები (არ ესწრებოდა მხოლოდ უზბეკეთი). შეიქმნა ამ სახელმწიფოთა თანმშრომლობის საბჭო, რომლის გენერალურ მდივნად არჩეულია ჰალილ აკინჯი (ის იყო საქართველოში ეუთოს პირველი მისიის ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ თურქეთის ელჩი რუსეთში). ილჰამ ალიევის სიტყვებით, “ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია”!
რაც უნდა მოულოდნელი იყოს, თურქულენოვან ქვეყანათა თანდათანობითი გაერთიანების იდეა მოდის არა თურქეთიდან, არამედ უფრო ყაზახეთიდან ან აზერბაიჯანიდან. ამ იდეას კი დღეს ღიად უჭერს მხარს ამერიკა.
პირველად “დიდი თურანის” იდეა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლში გაახმიანა ბაქოელმა, ეროვნებით აზერბაიჯანელმა ინტელექტუალმა. მას ცარისტულმა რუსეთმა დაუჭირა მხარი. შემდეგ ამ იდეას მხარს უჭერდა ბოლშევიკების ეროვნებათა საქმეების მინისტრი იოსებ სტალინი, რომელიც ფიქრობდა, ამ გზით გაებოლშევიკებინა თურქეთი და ახალ საბჭოთა იმპერიაში შემოეყვანა. ბაქოში 1918 წლის ნოემბერში სტალინი მუსლიმან-კომუნისტების კონგრესზე ამბობდა: “ჩვენი მიზანია, ხიდები გავდოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და შევქმნათ ერთიანი რევოლუციური ფრონტი”. ამავე დროს ის კატეგორიულად გამოდიოდა პან-ისლამიზმის იდეის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა “რევოლუციურ ნაციონალიზმს”. ასევე იყო დაფიქსირებული კომინტერნის ტაქტიკა აზიაში აღმოსავლეთის ხალხთა კონგრესზე ბაქოში. საბოლოო ჯამში ბოლშევიკების მიზანი იყო, ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე დაეფუძნებინათ “თურქ ხალხთა ფედერაცია”.
მაგრამ თურქი ქემალისტები თავიდან პანისლამური გაერთიანების იდეით იყვნენ შეპყრობილი და ეს ეთნიკურად დაყოფილი ისლამური სამყარო მათ არ აწყობდათ. ამიტომ ბოლშევიკები ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ – მათ დაიწყეს თურქულენოვან ხალხებში “ავტოქტონურობის” იდეის დანერგვა, ვითომ ისინი მონღოლეთის სტეპებიდან კი არ იყვნენ მოსული, არამედ ოდითგან იმ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში გაავრცელეს იდეა, რომ ისინი თურქები კი არ არიან, არამედ ძველი ალბანელების შთამომავლები (ამას შეეწირა ქართული ეკლესიები საინგილოში, რომლებიც ალბანურად გამოაცხადეს). თუ თურქები აღიარებენ, რომ ისინი იმ ტერიტორიაზე მისული ხალხია, აზერბაიჯანელები ამას არ აღიარებენ. ბოლშევიკები შეეცადნენ, ამ ქვეყნების სალაპარაკო ენა თანდათანობით დაეცილებინათ თურქულისაგან და თითოეულს განსხვავებული გრამატიკაც კი შეუქმნა.
მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კვლავ ალაპარაკდნენ პან-თურქიზმის იდეის აღორძინებაზე და პირველი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გეიდარ ალიევი იყო. მას ეკუთვნის გამოთქმა – ერთი ერი, ორი სახელმწიფო! მაგრამ თურქეთი ევროკავშირში გაწევრებაზე იყო ორიენტირებული და ჩამორჩენილ და ღარიბ საბჭოთა რესპუბლიკებთან გაერთიანების იდეა არ ხიბლავდა.
სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა სააკაშვილის აგვისტოს ავანტიურის შემდეგ. თურქეთი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ევროკავშირს არ სურს, თავის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებისა და დასახლების უფლება მისცეს 70 მილიონზე მეტ მუსლიმანს. ამიტომ მან, პირველ ყოვლისა, სამხრეთ კავკასიას მიაპყრო თავისი ყურადღება, ხოლო შემდეგ თავისი “ძმანი” გაიხსენა ცენტრალური აზიიდან, სადაც ასეთ გაერთიანებაში თურქეთს უპირობო ლიდერის პოზიცია გარანტირებული აქვს.
საინტერესოა, რომ სწორედ ენერგოპროექტები აქცევს თურქეთს რეგიონის უპირობო ლიდერად. აქ კი ჩვენ ვაწყდებით ახალ პროექტს, რომელიც სააკაშვილმა ცოტა ხნის წინათ გაახმიანა – აზერბაიჯან-საქართველოს კონფედერაციის შესახებ. ცხადია, რომ ასეთი კონფედერაცია, თუ კი ის ოდესმე შეიქმნა, შემდგომში თურქეთის მიერ იქნება ჩაყლაპული. ამავე დროს კი ის საკომპენსაციოდ მესხეთ-ჯავახეთს სომხეთს დაუთმობს. ოღონდ ესეც სათუოა, რადგან შეიძლება თურქეთი იმდენად გაძლიერდეს, რომ მან კვლავ ახალციხის საფაშოს აღდგენა მოინდომოს იმავე საზღვრებში, როგორშიც ის იყო, ვიდრე რუსი გენერალი პასკევიჩი მას არ წაართმევდა 1829 წელს.
დღეს თურქეთში ორი მიმართულება (პანისლამური და პანთურქული) ეჯახება ერთმანეთს იმ ფონზე, რომ პროევროპული და სეკულარული ძალები დამარცხებას დამარცხებაზე იღებენ: ხელისუფლება, როგორც ჩანს, უფრო პანისლამურს უჭერს მხარს, ცდილობს რა, ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ქვეყნებში გააძლიეროს თავისი პოზიცია, რაც არც თუ ისეთი პოპულარობით სარგებლობს ამ ქვეყნებში; მაგრამ თურქულენოვანი სახელმწიფოები მასზე ზეწოლას აძლიერებენ და ლიდერის პოზიციას სთავაზობენ. ამ დროს კი ყველა ენერგოპროექტებით ევროპა უკვე არა იმდენად რუსეთზე, არამედ თურქეთზე დამოკიდებული ხდება. თურქეთი ასევე დაბალანსების სახით სტრატეგიულ პარტნიორობას სთავაზობს რუსეთს, რათა ახალი სლავურ-თურქული ღერძი შეიქმნას.
რომელ მხარესაც არ უნდა წავიდეს თურქეთი, ჩვენ მაინც გასრესილი აღმოვჩნდებით ან ისლამურ, ან თურქულ სამყაროში. ეს კი ჩვენ სწორედ იმ ეპოქაში გვაბრუნებს, რომელშიც ვიყავით, ვიდრე სახელოვანი მეფე ერეკლე მეორე სიბერეში თავის ცნობილ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, რუსეთისათვის პროტექტორობის თხოვნის შესახებ.
იქნებ სააკაშვილს სწორედ ეს აწყობს?