აქტუალური
დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განკარგულებებისა და სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი გააუქმოს

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირში შეშფოთებულები არიან, რომ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განკარგულებებისა და სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი გააუქმოს, მათ შორის ისინი, რომლებიც რუსეთს ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, ევროკომისიის ხელმძღვანელობამ დაიწყო ბაიდენის ძირითადი გადაწყვეტილებების გადახედვა, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების, რომლებიც ვაჭრობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროშია მიღებული. მედიის ცნობით, გადახედვის მიზეზია, შეაფასონ, რომელი გადაწყვეტილებების ცვლილებები იქონიებს ყველაზე მეტ გავლენას ევროკავშირის ზომებზე.

არის საშიშროება, რომ ტრამპმა, შეიძლება, განკარგულებები გააუქმოს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბაიდენის მიერ იყო ხელმოწერილი. ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორ შეიძლება აისახოს ეს ჩვენზე“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით.

„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ ყველაზე დიდ შეშფოთებას ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ 2022 წელს უკრაინაში ფართომასშტაბური ინტერვენციის საპასუხოდ დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმება იწვევს. ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი ამ სანქციებს შეინარჩუნებს, რათა ისინი გამოიყენოს ბერკეტად ომის დასრულების შესახებ მომავალ მოლაპარაკებებში.