WHERE'S THE EXIT? სად არის გამოსავალი? - მკითხა ამერიკელმა ჟურნალისტმა, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებზე ტელერეპორტაჟს ამზადებდა და ამერიკული უბრალოებით დასმულ კითხვაზე პასუხის მიღება სურდა. მიიღო კიდევაც, მაგრამ ამას გარდა, ამერიკელმა სტუმარმა ჩემგან ბევრი ისეთი რამ შეიტყო, რამაც იგი ღრმად დააფიქრა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების უცერემონიო ჩარევის დამღუპველ შედეგებზე პატარა საქართველოს საქმეებში, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს მხოლოდ სასწაულის, ანუ ღმერთის წყალობით. ღირდა თუ არა "ჩიტი ბრდღვნად" - ღირდა თუ არა საქართველოში ექსპორტირებული "დემოკრატია" ქართველ საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდებად? ჩემი ჯერია ვიკითხო - WHERE'S THE EXIT? სად არის გამოსავალი?
საქართველოს ხელისუფლებამ გველის წელიწადში, რეგიონში განვითარებული საგანგაშო პროცესების პირობებში, სიბრძნესთან ერთად, გველის მოქნილობა უნდა გამოიჩინოს, რათა არცერთ მხარეს არ მისცეს მიზეზი, გამოიყენოს იგი საკუთარი ინტერესებისთვის.
აზერბაიჯანს გადაწყვეტილი აქვს დაასრულოს დაწყებული საქმე - გახსნას ზანგეზურის დერეფანი სომხეთის გავლით, რომელიც დააკავშირებს ბაქოს ნახიჩევანის ექსკლავთან და თურქეთთან, ხოლო თურქეთს, საპირისპირო მარშრუტზე, რუსეთთან. რასაც ოფიციალური ერევანი - არაერთმნიშვნელოვნად, ხოლო ირანი, რომელიც სატრანზიტო ფუნქციას კარგავს, უარყოფითად ეკიდება.
სომხეთს, ისევე როგორც უწინ საქართველოს, ითრევენ ევროკავშირში აზერბაიჯანისა და რუსეთის საწინააღმდეგოდ, ამიტომ ოფიციალური ერევანი ეშმაკობს, როგორც ყარაბაღის კონფლიქტის ბოლო ფაზაში. ფაშინიანი თითქოსდა არ ეწინააღმდეგება სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვას, რაც სომხეთს მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს მოუტანს, მას მხოლოდ „სიტყვა „დერეფანი“ აცბუნებს, რომელიც, „კაცმა არ იცის, საიდან მოვიდა“.
თურქეთი, ისევე როგორც აზერბაიჯანი, მოქმედებს საკუთარი რეგლამენტის შესაბამისად და იწყებს „სამსუნ -ტრაპიზონ- სარფის“ რკინიგზის მშენებლობას, რომელიც, ერდოღანის თქმით, უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის. თუ აფხაზეთის არეულობაში თურქეთის ჩართულობაზე ჩემი ვერსია სწორია, მაშინ ამ ხაზს ადლერამდე ქართულ-აფხაზური მონაკვეთი დაემატება. „ინტეგრაცია აფხაზეთთან თურქეთის წყალობით“ - ქართველებისთვის მოტივაცია, გახსნან სარკინიგზო მიმოსვლა ენგურის გავლით; „ევროპაში თურქეთის გავლით“ - მოტივაცია აფხაზებისთვის; „დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში“ - მოტივაცია თურქეთში მუსლიმი აფხაზებისთვის. ეს იქნება თურქეთის რუსეთთან დამაკავშირებელი მესამე სარკინიგზო მარშრუტი, თუ გავითვალისწინებთ „ყარსი-თბილისი-ბაქოს“ რკინიგზას და ზემონახსენებ ზანგეზურის დერეფანს, და პირველი - მხოლოდ საქართველო-აფხაზეთის ტრანზიტითა და არა აზერბაიჯანის გავლით.
სრული სურათისთვის – ჩინეთი, რომელმაც, ყოველი შემთხვევისთვის, გადაწყვიტა ევროპასთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირის დამყარება რუსეთის გვერდის ავლით - ყირგიზეთის და ყაზახეთის გავლით.
სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის ფედერაციის განდევნის გეგმები თეთრი სახლის წამსვლელი ადმინისტრაციის, პრეზიდენტი მაკრონისა და შოლცის მთავრობის ზრახვებს ემთხვევა, მაგრამ არა - მისი თურქეთით ჩანაცვლებისთვის. ისინი აპირებენ სამხრეთ კავკასიის დაყოფას კონტროლის ზონებად, ისევე როგორც გერმანია დაყვეს სექტორებად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. სომხეთის ხელში ჩაგდების შემდეგ, ამჟამად მიმდინარეობს სპეცოპერაცია უეცრად კონტროლიდან გამოსული საქართველოს წინააღმდეგ და, რაც უფრო რთულია, აზერბაიჯანის წინააღმდეგ. „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი (სწორედ იმ ინსტიტუტისა, რომელმაც გასულ კვირას კისინჯერის სტიპენდია მიანიჭა საქართველოს ექს-პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილს „როგორც დემოკრატიისთვის გამოჩენილი მებრძოლის, რომელსაც მიჰყავს საქართველო ახალი არჩევნებისკენ“) განგაშს ტეხს - აქაოდა, საქართველოში მმართველ პარტიას ეხმარება არა მარტო ჩინეთი, არამედ ირანიც, რომელიც, თითქოსდა, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, დიდ იდეოლოგიურ მხარდაჭერას ეწევა „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით აზერბაიჯანის მოსაზღვრე ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის უმრავლესობა. ათიათასობით „ქართველი“ აზერბაიჯანელის პროვოცირება, შეუერთდნენ ოპოზიციის პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, უკიდურესად სახიფათო სცენარია საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის. არადა, ასეთ საქმიანობას დიდი ხანია ახორციელებენ არა მარტო უცხოელი აგენტები - ოპოზიციური პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ტელეკომპანიები, არამედ ადგილობრივი უპასუხისმგებლო სულიერი ლიდერები .
ასევე თამაშდება „ჩრდილო კავკასიელი ხალხების გენოციდის“ კარტი, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს. მაშინ რუსეთი იყო „მჩაგვრელი“, ხოლო ჩერქეზები - „ჩაგრულნი“, დღეს კი აზერბაიჯანი წარმოდგენილია „მჩაგვრელად“, ხოლო ლეზგინები, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანის კუსარის რაიონში, „ჩაგრულებს“ წარმოადგენენ. ლეზგინი ხალხის სულიერმა ლიდერმა და იმამმა ასულ კასუმოვმა მიმართა აზერბაიჯანში აკრედიტებულ პოლიტიკოსებსა და უცხო სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლებს თხოვნით „დაიცვან ლეზგინი ეროვნების წარმომადგენლები აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების უსამართლობისა და უკანონობისგან“. „დიქტატორული რეჟიმი კანონიერი საფუძვლის გარეშე აპატიმრებს აზერბაიჯანის ლეზგინელ მოქალაქეებს ცრუ ბრალდებებით. აზერბაიჯანის რეჟიმი ანადგურებს ლეზგინელ აქტივისტებს და ჩვენი უძველესი და ოდინდელი ლეზგინური კულტურისადმი სიყვარულის ნებისმიერი გამოვლინება ისჯება ხელისუფლების მიერ. რეჟიმი ლეზგინების თემატიკის გაშუქების ნებისმიერ გამოვლინებას აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობისთვის უშუალო საფრთხედ აღიქვამს. სომხების გასვლის შემდეგ, რომლებმაც უარი თქვეს ასიმილაციაზე, ლეზგინების ჯერი დადგა. ლეზგინი ხალხი ასიმილაციის პოლიტიკის გამო გადაშენების პირასაა. ალიევის რეჟიმი ანადგურებს მათ ეთნოკულტურულ იდენტობას და აიძულებს მიიღონ თურქი-აზერბაიჯანელების იდენტობა. ლეზგინებს არ აქვთ თურქი-აზერბაიჯანელი ხალხის თანაბარი უფლებები...“ - ხელს აწერს კასუმოვი აშკარად პარიზში შედგენილ პეტიციას.
და ბოლოს – საქართველო: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, შორს არის სრულყოფილებისაგან, მაგრამ მისთვის „ქართული კოშმარის“ დარქმევა ბინძური ცილისწამებაა. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, დღეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ქართველი ხალხის ინტერესებს ეროვნული ეწოდება და მდგომარეობს საქართველოსა და რუსეთის კავშირში. საქართველოს ეროვნული ინტერესების მთავარ საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებისა და მათი თანამოაზრეების დაბრუნება ხელისუფლებაში, რომლებიც საკუთარ ჟამს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ელოდებიან.
ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა მაღალჩინოსან ქართველებს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა რუსეთისა და რუსების შეყვარებისა. „ქართული ოცნების“ სპიკერები იძულებულნი გახდნენ შეესწორებინათ თავიანთი პროდასავლური გზავნილები დასავლეთის ღია მცდელობის შემდეგ, შეეცვალა საქართველოში მმართველი პარტიით დაკომპლექტებული ხელისუფლება. დასავლეთის სანქციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მისი მხარდამჭერი ბიზნესმენების მიმართ ართმევს ამ უკანასკნელებს ევროპასა და აშშ-ში უძრავ ქონებასა და საბანკო აქტივებზე წვდომას, ხოლო მათ შვილებს - დასავლეთის უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობას. ამიტომ ისინი დაუპირისპირდებიან მაგნიტსკის სიაში მათ შემყვანებს ქართველი ხალხის მხარდამხარ, რომელიც, ევროკავშირის, შეერთებული შტატების და ოპოზიციის ქმედებებზე დაკვირვებით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების სრულმასშტაბიანი დარეგულირებისა და პარტნიორობის უალტერნატივობაში.
მაგრამ ახლა უკვე გვიანია „ქართულმა ოცნებამ“ „თავზე ნაცარი წაიყაროს“ საბედისწერო შეცდომების მონანიებით. უახლოეს მომავალში, 20 იანვრის შემდეგ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ან გააუქმებს სანქციებს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ და ცნობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ანუ საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს ლეგიტიმურად, ანდა „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება გამოაცხადოს ახალი არჩევნები, რითიც ხელს მოაწერს მისი, როგორც სახელისუფლებო პარტიის და, საერთოდაც, პოლიტიკური პარტიის „სასიკვდილო განაჩენს“. ამაში მდგომარეობს მთავარი რისკი მილიარდერი ივანიშვილისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, გულხელდაკრეფილი კი არ ზის საახალწლო სასწაულის მოლოდინში, არამედ აამოქმედა თავისი არხები ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესების უტყუარი სურათის მისაწოდებლად.
სხვათა შორის, მილიარდერების შესახებ: დღეს დასავლეთში ყველაზე მართალი ადამიანები აღმოჩნდნენ მილიარდერები მასკი და ცუკერბერგი , რომლებმაც გააუქმეს ცენზურა "X"-სა და " Meta "-ში.
პირობითად არსებობს სხვა გამოსავალიც - მანიფესტი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის შესახებ, შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აბროგაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისკენ საქართველოს მისწრაფების თაობაზე ყველა დოკუმენტის დენონსაცია, EAEU-ში, CSTO-სა და BRICS-ში გაწევრების შესახებ განაცხადის შეტანის პერსპექტივით. მაგრამ ეს გამოსავალი თეორიად რჩება წინაპირობების არარსებობის გამო. ინფანტილიზმით დასნებოვნებულმა „ქართულმა ოცნებამ“ არ იზრუნა მათ მომზადებაზე და უწინდებურად აგრძელებს უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსის დეკლარირებას. არ მინდა დავიჯერო, რომ "ქართული ოცნება" მზადაა წაგებისთვის, ოღონდაც კი არ შეუშვას ახალი სახეები თავის "დახურულ კლუბში", რომ "ქართული ოცნება" იმდენად დაკომპლექსებულია პრეზიდენტების, პრემიერებისა და დეპუტატების ღალატით, რომ ეშინია ნებისმიერი კრეატიულობის საკადრო პოლიტიკაში, რასაც მხოლოდ გადაჯიშება შეიძლება ვუწოდოთ. ეს აღიზიანებს საქართველოში ხელისუფლების მხარდამჭერებს და უკიდურესად აკვირვებს მის უცხოელ მეგობრებს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის არც ერთი გამოხდომა უპასუხოდ არ დატოვა, რითაც გაასაჯაროვა უპრეცედენტო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და პატარა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა.
„ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელია ასეთი გაორება, ეს ალოგიკური და კონტრპროდუქტიულია სახელისუფლებო პარტიისთვის. მაგალითად, მისი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გასულ კვირას სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების გამოსაძიებლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის კომენტირებისას განაცხადა, რომ „სწორედ ამ მიდგომის წყალობით, ნიურნბერგის პროცესის ჩათვლით და რეჟიმის დანაშაულებათა მუდმივი შეხსენებებით გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაამარცხა ნაციზმი საზოგადოების ცნობიერებაში და ეს გამოცდილება საქართველომაც უნდა გადაიღოს და პრაქტიკაში დანერგოს“. ჩნდება ლოგიკური კითხვა: განა ნაციზმი დამარცხდა ევროპელი საზოგადოების ცნობიერებაში? განა არ ჯობია საქართველომ თავი შორს დაიჭიროს ევროკავშირისგან, სადაც დღეს ნეონაციზმის მოზღვავება და მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ტოტალური გაყალბება შეინიშნება? ნუთუ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც დღეს ნაციზმის დამარცხება სურს ქართვლი საზოგადოების ცნობიერებაში, ვერ შეამჩნია იგი ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში?
დავასრულებ იმით, რითიც დავიწყე: საქართველო არის ჩინეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთის, თურქეთისა და ირანის სავაჭრო პარტნიორი და სომხეთის მეგობარი ქვეყანა. ყველა ამ ქვეყნის გეგმები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარკვეულ კოლიზიაშია, ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გველის მოქნილობა სიბრძნესთან ერთად, რათა ერთდროულად ყველასთან მშვიდი, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 12 იანვარი
საქართველო, თბილისი