აქტუალური
ლეიბორისტები სკოლებში ინგლისური ენის სწავლების პირველი კლასიდან შემოღებას აპროტესტებენ

1sosooროგორც დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, „სახელმწიფო დაწესებულებებიდან, სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან ქართული ენის გამოდევნა შეგნებულად ხდება“. მისი თქმით, ქართული ენა სრულიად უგულებელყოფილია, ინგლისური კი სახელმწიფო ენის რანგშია აყვანილი.

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ისევე, როგორც სელჩუკებმა თავის დროზე, მთავარ სამიზნედ ამოიღეს ქართული ენა. ქართული ენა დღეს უდიდესი საფრთხის ქვეშაა. ანგლოამერიკულმა იმპერიალიზმმა, ასევე, მთავარ სამიზნედ ამოიღო ქართული ენა და შემოიღო ქართულ სკოლებში ინგლისური ენის პირველი კლასიდან სწავლება“, – აცხადებს შატბერაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ „ამ ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლებას სურს, ინგლისური ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდეს“, რაც, შატბერაშვილის აზრით, დაუშვებელია.

ლეიბორისტები მოუწოდებენ მოსწავლეებს, სტუდენტებს და მასწავლებლებს, უარი თქვან ინგლისური ენის სწავლაზე, ვიდრე არ შეწყდება ქართული ენის უგულებელყოფა.

 

საქინფორმი