პოლიტიკა
წმიდა სინოდმა პატრიარქის მეთაურობით თავისი სულიერი დიდგორი უკვე მოიგო

11sinodiკარის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი წმიდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„2011 წლის 11 ივლისს შედგა წმიდა სინოდის ისტორიული სხდომა, ამ სხდომაზე წმინდანად იქნა აღიარებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე და ეწოდა მრავალვნებული ანტონ მეორე. წმ. მამები გვასწავლიან: თუ მორწმუნე ადამიანი ბოლო შერაცხილ წმინდანს არ მიიღებს მთელი სულით და გულით, მაშინ არც ადრინდელი წმინდანები არ იქნებიან მისი მეოხნი წინაშე ღვთისა. ჩვენ სრულად უნდა გავაცნობიეროთ ანტონ მეორის ამ სოფლიური ტკივილები: მეფობის გაუქმება, პატრიარქობის გაუქმება, ქართული მართლმსაჯულების გაუქმება და მომხდურის დამპყრობლური წეს-ჩვეულების დაფუძნება. ერთად უნდა შევევედროთ მრავალვნებულ ანტონ მეორეს, რათა აღვადგინოთ ნამდვილი ქართული სახელმწიფოებრიობა.

წმიდა სინოდმა ეს პოზიცია ასე დააფიქსირა:

დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებულებისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებულობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნეს უკანონოდ.

მავანს სწორედ ეს განჩინება მოხვდა ხახაში ისე, როგორც წმ. გიორგის მახვილი გველეშაპს. ამიტომაც აყროყინდნენ ასე ერთბაშად ათასი სჯულის ცხვრის ქურქში გახვეული თხები და მგლები ჩვენი დედა ეკლესიის წინააღმდეგ.

შეიძლება ითქვას, რომ წმიდა სინოდმა პატრიარქის მეთაურობით თავისი სულიერი დიდგორი უკვე მოიგო.

ახლა ჯერი ჩვენზეა!

შეგვეწიოს მრავალვნებული ანტონ მეორის, დავით აღმაშენებლის და დიდგორის გმირების და ყველა წმინდანის ლოცვა და მადლი ამ წმინდა ეროვნულ საქმეში. ამინ!“

 

საქინფორმი