აქტუალური
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცა

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცა. ახალ შემადგენლობას კენჭი უყარეს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

კანონმდებლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს ერთხმად დაუჭირეს მხარი. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზაზა შავაძე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჯაბა ფუტკარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ აჭარის უმაღლეს საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარმოდგენილი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის კენჭისყრამდე, კანონმდებლებმა თორნიკე რიჟვაძეს მოუსმინეს.

დღეს, 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეა და თამამად შეგვიძლია შევაჯამოთ განვლილი წელი. პირველ რიგში, მსურს, ჩვენს ხალხსა და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი დღესასწაულები და ვუსურვო ბედნიერი, წარმატებული, მშვიდობიანი 2025 წელი. ვაჯამებთ რა 2024 წელს, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩავატარეთ ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის როგორც საყოველთაო, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის, ვინაიდან სწორედ ამ მანდატის საფუძველზე შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ წინ, ჩვენი ხალხი და სამშობლო გავიყვანოთ სამშვიდობოს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძემ ნდობისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიმართულებები და სამომავლო ხედვა ეფუძნება მშვიდობითა და ღირსებით ევროპისკენ სვლას, რომ სახელისუფლო გუნდის ერთიანობით კიდევ უფრო განმტკიცდება მშვიდობა, კეთილდღეობა ქვეყანაში. თორნიკე რიჟვაძემ 2024 წლის შეჯამების შემდეგ აჭარის მთავრობის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, პრიორიტეტები და ყველა ძირითადი მიმართულება, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ეფუძნება ადამიანის უმთავრესი უფლებების, ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვას, რეგიონის გრძელვადიან ინკლუზიურ, ეკონომიკურ განვითარებას და ყველა იმ გამოწვევის დაძლევას, რომელიც მოსახლეობის წინაშეა.

ამასთან, როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რეგიონში კვლავ გაგრძელდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც მეტ ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

ყველა ეკონომიკური პარამეტრით, ყოველწლიურად იზრდება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი, რომელიც ამჟამად უპრეცედენტოდაა გაზრდილი და 800 მილიონ ლარს აჭარბებს. გაზრდილია მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა. საგრძნობლადაა გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაც და დარგობრივი სამინისტროები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო პროექტებზე, ისაუბრა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე, მზარდ საბიუჯეტო პოლიტიკასა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

მომხსენებლის თქმით, ახალი მთავრობის უმთავრესი საზრუნავი უმუშევრობის მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების ეფექტურად განხორციელებაა.

კითხვა-პასუხის, გამოსვლებისა და კენჭისყრის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმატებები უსურვა და საქართველოს მოსახლეობას დამდეგი დღესასწაულები მიულოცა. რიგგარეშე სესიის დასასრულს, დარბაზში აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.