აქტუალური
ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომების რესტავრაცია სრულდება

arqiviფოტოდოკუმენტალისტ ნიკოლოზ საღარაძის კიდევ ორი ფოტოალბომის რესტავრაცია დაიწყო. ამით დასრულდება 2009 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმების ლაბორატორიაში დაწყებული აღდგენა ფოტოკოლექციისა, რომელიც 15 ალბომს მოიცავს.

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივს ნიკოლოზ საღარაძემ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოსურათების ალბომები 1959-1960 წლებში გადასცა. ფოტოები აერთიანებს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთა ტიპაჟებს. აქ, ძირითადად, წარმოდგენილია ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები, რომელიც გადაღებულია ქუთაისში, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნიკოლოზ საღარაძე სწორედ ამ ფოტოატელიეში მოღვაწეობდა. იგი ალექსანდრე მიხაილოვის მოწაფე და ნათესავი იყო.

წარმოდგენილი ფოტოები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გვიხატავს XIX-XX სს. მიჯნაზე დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ სურათს. ფოტოებზე ასახულ პირთა უმეტესობის ვინაობა უცნობია, თუმცა აქ წარმოდგენილ რამდენიმე ფოტოს საკუთარი, გამორჩეული ისტორია აქვს.

აღსანიშნავია, რომ ფოტოალბომები მდიდარი მასალაა იმ მხატვარ-დეკორატორთათვის, რომლებიც ერთი საუკუნის წინანდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფილმებისა თუ თეატრალური სპექტაკლებისათვის კოსტუმების ესკიზებზე მუშაობენ.

 

საქინფორმი