შეხვედრა „საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ შესახებ
სასტუმრო „რედისონში“ „საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ შესახებ შეხვედრა გაიმართა კვლევის თანადამფუძნებლისა და თანაავტორის, ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ ჯეიმზ გვორთნისა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ რენდალ ჰოლქომბის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანია მსოფლიოს 140-მდე ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების მდგომარეობაზე 30-წლიანი დაკვირვებების შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარება და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ უშუალო ინფორმაციის მიღება. შეხვედრაზე საუბარი იყო თავისუფალი ბიზნესის ხელშეწყობაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ვიზიტის ფარგებლებში, დოქტორი გვორთნი და დოქტორი ჰოლქომბი შეხვდნენ საქართველოს სამთავრობო, ბიზნესის, აკადემიური, არასამთავრობო და პოლიტიკურ წრეებს.
„ჩვენ ავირჩიეთ გზა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით. ეს არის გზა, რომელიც გულისხმობს მინიმალურ ბიუროკრატიას, მაქსიმალურ დერეგულაციას და მაქსიმალურად შეჯიბრებაზე დაყრდნობილ თავისუფალ ბაზარს. ბუნებრივია, ამ მოსაზრებას ჰყავს თავისი ოპონენტები, აქ, ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში და, სავარაუდოდ, ალბათ, ეს დავა არც არასდროს დასრულდება. ჩვენ სწორი გზით მივდივართ და ეს გზა მთავარია, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გზა გახდეს შეუქცევადი, რეფორმები გაგრძელდეს და არ იყოს პოლიტიკურ ძალისხმევაზე დამოკიდებული. ჩემის აზრით, ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა, თუ ჩვენ გვინდა, რეალურად შევქმნათ ეკონომიკური დოვლათი და, პირველ რიგში, ის, რაც ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება – სამუშაო ადგილები“, – აღნიშნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ შეხვედრაზე.
საქინფორმი