საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა თბილისში დაგეგმილ დევნილთა განსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ქ.თბილისში მდებარე რამდენიმე კოლექტიური ცენტრიდან დევნილთა განსახლება. კერძოდ: სასტუმრო „აფხაზეთი“ და „კურორტოლოგიის ინსტიტუტი“. აღნიშნულ ობიექტებს აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტების სტატუსი და იქ მცხოვრები თითოეული დევნილი ოფიციალურად არის იქ დარეგისტრირებული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ორივე შენობას ჰყავს ინვესტორი.საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს აღნიშნულ ობიექტებში. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრებ დევნილებს შესთავაზეს ან რუსთავში მშენებარე კორპუსში განსახლება, რომლის დასრულებამდეც დევნილებს სთავაზობენ ბინის ქირის გადახდას, ან ოჯახს 10 000 დოლარის ეკვივალენტ თანხას; რაც შეეხება „კურორტოლოგიის ინსტიტუტს“, დევნილებს სთავაზობენ ქ.თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ყოფილი N165 ბაგა-ბაღის შენობაში განსახლებას. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე დევნილთა ნაწილი არ არის თანახმა ამ შეთავაზებაზე. ოფიციალური ინფორმაციით, სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილთა გამოყვანა – ამა წლის 15 აგვისტოს, ხოლო „კურორტოლოგიის ინსტიტუტიდან“ 18 აგვისტოს იგეგმება.
საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, გაითვალისწინოს და დაიცვას დევნილთა ინტერესები შეთავაზებებისა და საკომპენსაციო თანხების ადეკვატურობასთან მიმართებაში. გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მიღწეულ იქნეს დევნილებთან შეთანხმება როგორც ალტერნატიული ფართების, ისე საკომპენსაციო თანხების შეთავაზებისას. ხოლო მანამ, სანამ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით არ იქნება დადებული დევნილებთან წერილობითი შეთანხმება – გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები, არ მოხდეს დევნილთა გამოყვანა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან“.
საქინფორმი