საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ახალი წესი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
2025 წლიდან გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური". გაწვევა 31 იანვრამდე განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით - ასაკი 18-დან 27 წლამდეა.
წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვის ვადით;
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვის ვადით;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გაწვევა ეტაპობრივად განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. ასე რომ, სამხედრო ნაწილში გაწვევა 15 აპრილს დაიწყება.
წვევამდელებს ერგებათ დასვენების დღეები და შვებულება, სამხედრო სამსახურის განმავლობაში მათ ასევე შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი სახელმწიფო უწყებაში მუშაობის შემთხვევაში, ყველა შეღავათი, რომელიც მას გააჩნდა გაწვევამდე და მიეცემა შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ამასთან, ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ სამსახურს, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – ჯარში სამსახური წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.