საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში, ნაძალადევის რაიონში 16 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდია, რომელიც 16 წლის ახალგაზრდას თავს რამდენიმე პირთან ერთად დაესხმა.
დაშავებულს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა, თუმცა, მაშინ ეჭვმიტანილზე სამართლებრივი დევნა მისი ასაკის გამო არ განხორციელდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი მოზარდი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადავიდა, ის დაჭრილს რამდენჯერმე ჩაუსაფრდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებოთ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.