აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: ამ კრიმინალურ ბანდას ესმის მხოლოდ ჯოხის ენა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. თავს ნუ მოვიტყუებთ, ამ კრიმინალურ ბანდას ესმის მხოლოდ ჯოხის ენა, უფრო მეტი შეტევა, გაფიცვა, იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, „ყოველ ჯერზე ეს უნდა იყოს ბევრად უფრო ძლიერი ზეწოლა და ეს არის მოძრაობა ქვემოდან ზემოთ“.

მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ. ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი ენა ესმის. ამ კრიმინალურ ბანდას ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა – ჯოხის ენა. ჩვენ კი არ უნდა ვაწყნარებდეთ, პირიქით, უნდა ეშინოდეთ მანამდე, ვიდრე უკან არ დაიხევენ. ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, მოდით, დაგველაპარაკეთ, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები და შელოცვები, ღიმილიანი მოწოდებები რამეზე. რას ნიშნავს ეს ჯოხი. ეს ჯოხი არის ყოველ ჯერზე უფრო მეტი შეტევა, ეს არის გაფიცვა, ეს არის იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ქართველ ხალხს. ძალიან ბევრმა ბიზნესმა ამოიღო ხმა, მაგრამ მათ მხარეს ჯერ დგას ის ხალხი, ვინც ტენდერებზე იპარავს ფულს, ე.ი. თითოეულ თქვენგანს ჯიბიდან აცლის ფულს. ეს არის შენობებში მათი არშეშვება და მათი არგამოშვება. ვიღაც ტიპებს მიტაცებული აქვთ შენობები და თავის თავს უწოდებენ საქართველოს მთავრობას. ვითომ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ასობით ათასი ქართველი არის ქუჩაში, ყველა არის ძალიან გაბრაზებული და ესენი ჩვეულებრივად დადიან სამსახურში და იქ აკეთებენ განცხადებებს. ეს არანორმალური სიტუაციაა. ეს შენობები ეკუთვნის ქართველ ხალხს. არის საწრმუნო ინფორმაცია, რომ ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს ფული აეროპორტში. მეც მაქვს ეს ინფორმაცია და ძალიან ბევრ ადამიანს. ის ემზადება წასასვლელად, მაგრამ არ ჩქარობს არსად წასვლას. ის თავისით არსად წავა.

ზედმეტი ილუზიები გადავდოთ გვერდზე და როდესაც ვსაუბრობთ შეტევაზე, ვისაუბროთ შეტევაზე. ყოველ ჯერზე ეს უნდა იყოს ბევრად უფრო ძლიერი ზეწოლა და ეს არის მოძრაობა ქვემოდან ზემოთ. ეს რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური ლიდერების მოძრაობა, ეს მოძრაობა არის ქვემოდან ზემოთ, რაც ნიშნავს, რომ დიგიტალურ ეპოქაში ეს არის შესაძლებლობა – თვითორგანიზება. ამავე დროს, მეორე მხარეს საქმე გვაქვს სრულიად დაუნდობელ, ყველაფერზე წამსვლელ ძალასთან, რომელსაც ეზიზღება ქართველი ხალხი და რომელსაც თუ ახლა გაუვიდა, ყველას დაიჭერს, გააქცევს, ყველას გაანადგურებს. მათ არ აინტერესებთ, რომ პროტესტების დროს ეკონომიკა ნადგურდება. მათთვის უკეთესია, რაც უფრო განადგურდება, რაც უფრო უარესი ვითარება იქნება, მათთვის უკეთესი. ამიტომ, ქართველ ხალხს ბევრი დრო არ აქვს. ეს პროტესტი უნდა გაძლიერდეს, უნდა გადაიზარდოს ბევრად უფრო ძლიერ ზეწოლაში, რადგან ძალიან ლამაზია და ამაღელვებელია ხორუმის ყურება რუსთაველზე, მაგრამ მათ ნერვი არ უტოკდებათ, მათ ეზიზღებათ ხორუმი. თქვენ მათ ჩვენი საზომებით ნუ უდგებით, ისინი სხვანაირად აზროვნებენ, სხვაგან არიან ჩარჩენილი და ამ ვითარებაში მათ უნდა ველაპარაკოთ იმ ენით, რომელიც ესმით – მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური ჯოხის ენით. სხვა შემთხვევაში, ისინი შეეცდებიან, კიდევ ჩამოეკონწიალონ ხელისუფლებას. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.