აქტუალური
გიორგი ახვლედიანი: „მთავრობა გაზსადენის ნაბიჯ-ნაბიჯ გაყიდვით სერიოზული თანხების შოვნას აპირებს“

axvlediani-jorjსაპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანის განცხადებით, „ხელისუფლება მზადაა, ბიუჯეტში გარკვეული თანხების მობილიზების სანაცვლოდ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს ნებისმიერ ობიექტს შეელიოს და შემდგომში ეს თანხები ცეკვა-თამაშში დახარჯოს“. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მთავრობა მაგისტრალურ გაზსადენს ეტაპობრივად მთლიანად გაყიდის.

„ხელისუფლებამ ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის, როგორიც გაზსადენია, საპრივატიზაციოდ აკრძალული ობიექტების ნუსხიდან ამოღების გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო. როგორც ჩანს, მთავრობა გაზსადენის ნაბიჯ-ნაბიჯ გაყიდვით სერიოზული თანხების შოვნას აპირებს და დღეს თუ საუბარია საფონდო ბირჟებზე აქციათა მხოლოდ 25%-ის გატანის შესახებ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გაზსადენის საკონტროლო პაკეტიც გასხვისებული აღმოჩნდება“, – აცხადებს ახვლედიანი.

მისივე თქმით, „გაზსადენი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამიტომაც ის ხელშეუხებელი უნდა იყოს“.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „საქართველოს რკინიგზის“, ელექტროსისტემის, გაზისა და ნავთობის კორპორაციისა და სხვა სახელმწიფო კომპანიების აქციათა 25% საერთაშორისო ბირჟებზე გასაყიდად გავა. მანამდე კი მთავრობა პრივატიზებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოამზადებს.

 

საქინფორმი