საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. არ დარჩა არცერთი სამართლებრივი, კონსტიტუციური გზა, დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა. ეს არის ხალხის მოთხოვნა, ჩემი მოთხოვნა, პოლიტიკური პარტიების, ჩვეულებრივი მოქალაქეების და მთელი ამ მარშების ერთობლივი, ძლიერი მოთხოვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, კრიზისის გადასაჭრელად ცოტა დროა დარჩენილი და მზად არის, ახალი არჩევნების საკითხზე მიმდინარე კვირაში გამართოს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან.

ამ ერთადერთ ფორმულას, რაც დემოკრატიებმა გამოიგონეს, რათა გადაწყდეს ამგვარი კრიზისი, ჩვენ სადაც ვიმყოფებით დღეს, რჩება ორი გამოსავალი. ერთი არის, მივაღწიოთ არჩევნებს უმოკლეს დროში და იმ პირობებში, რომელიც აღადგენს ამომრჩევლების ნდობას, სხვანაირად აზრი არ ექნება. მმართველ გუნდთან მივაღწიოთ შეთანხმებას იმაზე, რომ ჩატარდება არჩევნები შეთანხმებულ ვადაში და სწორედ ამ შეთანხმებულ პირობებში, რომელიც აუცილებელია, რათა ნდობა აღდგეს. ვერ გაიგეთ გუშინ ეს, რადგან ძალიან არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე, კომპრომისზე, ვითომც ჩვენ ვართ რადიკალები და მეორე მხარე არის ყოველთვის მშვიდობის მტრედი, დიალოგის მომთხოვნი და ასე შემდეგ. დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა სხვადასხვა საზოგადოების ცალკეულ პიროვნებებთან, რომლებიც თავისთავად ცხადია, არ არის აკრძალული და შეიძლება, კარგიც იყოს, მაგრამ ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და მათთან, ვინც იყვნენ მონაწილე ამ არჩევნებში, ანუ, პოლიტიკური პარტიები და ვინც აკვირდებოდა, იცის ზუსტად, რა პირობები და როგორ იყო დარღვეული, რათა ეს გამოსწორდეს. მეორე მხარეს ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული, არ ვიცი, მისი პარტიის რამდენი წარმომადგენელი, რასაც ისურვებს. პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს, არაუშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო, კრიზისი აღარ ითმენს და ამ კვირაში თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ, მივცეთ ის, რაც არის გასაღები ნამდვილად დაწყნარების, მშვიდობის, მაშინ შევხვდეთ, რაღას გადავდოთ. ამ კვირაში, 29-მდე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმატში, შევთანხმდეთ და ეს იქნება ძალიან მარტივი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საჭიროა დათმობა, დიალოგი ან ალტერნატივაა რეჟიმის ჩამოშლით მისვლა არჩევნებამდე.

კომპრომისული ვარიანტი, დიალოგი ჩვენს ქვეყანას სჭირდება, თუ არ გვინდა, ქვეყანა ჩაეფლოს კიდევ უარეს კრიზისში, რომელიც ყველაფრის მომცველი იქნება და სადაც ყველანი დავკარგავთ იმას, რასაც მივაღწიეთ წლების, ათეული წლების მანძილზე და სადაც ვართ მისული რეალურად, თუნდაც ევროკავშირის კარებთან. თუ არა, მეორე ვარიანტი, მაინც მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. სხვა გზა არ არის, უკვე იშლება რეჟიმი და ეტყობა ყოველდღიურად, საზოგადოების ახალი სეგმენტები, სხვადასხვა დარგის ახალი ჩინოსნები, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს. არა ისინი, ვინც დღეს მივიდნენ კობახიძესთან, მაგრამ მთელი დანარჩენი დიდი ჯარი ქართული ბიზნესის, რომელსაც არ აქვს ისეთი მჭიდრო კავშირები რუსეთთან. დანარჩენი ბიზნესი ძალიან წუხს, ძალიან ღელავს და ხედავს, საითკენ მიდის ქვეყანა და საითკენ მიდის ასევე ჩვენი ფინანსური სტაბილურობა იმ ვითარებაში, როცა ფინანსური სანქციები უკვე დაწესებულია, როცა ეროვნული ბანკი არ იშლის და აგრძელებს თავის სრულიად გაუგონარ პოლიტიკას.

რეჟიმის ჩამოშლა, ეს არის ალტერნატივა, ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა, ყველაფერი არ იქნება, როგორც თვლის „ოცნება“. საჭირო არის დათმობა, საჭიროა რაღაცების აღიარება, მაგრამ შეიძლება კომპრომისი, თუ არადა, რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავისი ხელი არ არის, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის, არავისი ხელი არ არის. არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში, რადგან დროზე ვერ მოხვედით გონზე და ვერ დაინახეთ, ამ ქვეყანას როგორ უნდა მოეპყრათ და თქვენ მიმართ ნდობა შეინარჩუნოთ. მეორე ეტაპისთვის, რომელიც დაიწყება ძალიან მალე, თუ ძალიან მალე არ მივიღე პასუხი, მეორე ეტაპისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ და მე მზად ვარ, მზად ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას, თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელი და სტაბილურობის ერთგვარი ვექტორი, რომელიც ასევე იქნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მუდმივ კავშირში. მე ყოველდღე ვარ მათთან მუდმივ კავშირში და ძალიან კარგად ხედავენ, რა ხდება, რამდენად საჭიროა, რომ ერთი ინსტიტუცია მაინც დარჩეს ქვეყანაში, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შემდეგი ეტაპების მედიატორი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება.

შეიქმნება ასევე საბჭო, რათა ვმართოთ ეს პერიოდი, ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი – ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ ხვალ იქნება მზად დოკუმენტი, რომელიც აღწერს იმ პირობებს, რომლებიც არის მინიმალური პირობები, რათა ძალიან მალე ჩატარდეს არჩევნები. შემდეგ იქნება მუშაობა იმისთვის, რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ, მოვამზადოთ და ჩვენ თვითონაც ვიყოთ მზად, რადგან ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები. ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, საზოგადოება უნდა იყოს მზად, მედია უნდა იყოს მზად. ვიცი, რომ მედიას უჭირს, მაგრამ ალბათ მოიძებნება სხვადასხვა ფორმა, რომ გაძლიერდეს. აუცილებელია, არჩევნებისთვის მედია გაძლიერდეს და საინფორმაციო ველი არ იყოს ხელში ჩაგდებული. ეს არის ჩვენი შემდეგი ეტაპი, რომელშიც ყველანი ნამდვილად ერთად ვიქნებით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.