პოლიტიკა
ტყუილზეა აგებული: მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა შეაფასა

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მთლიანად სიცრუესა და ცრუ აღქმებზე იყო დაფუძნებული, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა.

ზურაბიშვილი სტრასბურგში გაემგზავრა საპროტესტო აქციების ფონზე, რომელთა მონაწილეები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. პრეზიდენტის თქმით, ეს არის ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გამოსავალი შექმნილ ვითარებაში.

მთელი ეს მისი გამოსვლა აგებული იყო სიყალბეზე. მისი გამოსვლის ამოსავალი წერტილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდაო და ყველაფერი დანარჩენი რაც ისაუბრა, დაშენებული იყო ამაზე, ამ აღქმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა", - განაცხადა კახიანმა.

ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიაროს ახალი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომაც არც აშშ-მ და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ მიულოცეს.

ამოსავალი წერტილი მაინც არის არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა. თუ არჩევნები არ გაყალბდა, ის რაც ვიხილეთ, ეს ყველაფერი იყო ფარსი. სიყალბეზე აგებული იყო, ის რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ," - აცხადებს გიორგი კახიანი.

დეპუტატის თქმით, საზოგადოებამ იხილა, როგორ ცდილობდა ზურაბიშვილი ქვეყნის გაშავებას.

მმართველი პარტიის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში შეადარა გედის ბოლო სიმღერას, რომელიც ბოლოსთვის მაქსიმალურად ეცდება, რომ ავნოს საკუთარ ქვეყანას.

ტიპური მცდელობა, რომ გააშავო ტყუილებით შენი ქვეყანა და ტყუილი წარმოაჩინო სიმართლედ. ევროპარლამენტარების სულ 20% უსმენდა მას. ჩვენს ქვეყანაშიც 20% -ია ის ელექტორატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უსმენს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.