საზოგადოება
გადასახადის ახალი სისტემის გაუქმების მოთხოვნით ქდმ სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

sakrebulo-qdmროგორც საქინფორმი მკითხველს აუწყებდა, საკრებულოს მიერ დასუფთავების ახალი გადასახადების გადაწყვეტილების მიღებით უკმაყოფილო ოპოზიციურმა ფრაქციებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქრისტიან-დემოკრატების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ თარგამაძის გუნდის მოთხოვნა – დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის ხარჯზე გადახდა გაუქმებულიყო, არ გაითვალისწინა. „ქრისტიან-დემოკრატების“ განცხადებით, განაჩენთან შეგუებას არ აპირებენ და მიღებულ გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გააპროტესტებენ.

როგორც გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: „ როცა გავასაჩივრებთ ამ საკითხს, იქნება დაზარალებული მოქალაქეების მთელი არმია, რომელთაც სრულიად უკანონოდ, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების იგნორირებით, გაეზარდათ გადასახადი და ადამიანები, რომლებიც 2,5 ლარს იხდიდნენ აქამდე პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უკვე საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გადაიხდიან ათჯერ და კიდევ უფრო მეტს“.

P.S. რაც შეეხება მოსახლეობისთვის ხელშეწყობას – დასუფთავების გადასახადიც ნაკლები გადაეხადათ და ბინებიც უკეთ დაეთბოთ ნაკლები ელექტროენერგიის დანახარჯებით, მერიის ინიციატივით, უნდა დაწყებულიყო სოციალურად დაუცველი ფენებისთვის დაპირებული მომსახურება, რაც ითვალისწინებდა გაზის შეყვანას და მრავალსართულიან კორპუსებში ხის ძველი ფანჯრების მეტალოპლასტმასის ფანჯრებით შეცვლას.

როგორც დღეისათვის გახდა ცნობილი, თბილისის რამდენიმე უბანში (მათ შორის, დიდ დიღომში), განაცხადების მიღება გაზის შეყვანასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო. ფანჯრების შეცვლა კი, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის გადაიდო (არჩევნებიც კარზე მოგვადგება). ასე რომ, წელსაც გავიჭირვოთ.

 

საქინფორმი