აქტუალური
სამი ოპოზიციური გაერთიანება: არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალია ახალი და სამართლიანი არჩევნები“.

ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არცერთ შტოს, რადგან ივანიშვილმა, არჩევნების ნაცვლად, მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ. ივანიშვილმა, პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ, ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს. მისმა ბანდფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

პასუხად ქართველი ხალხი აგრძელებს მტკიცე, უწყვეტ და უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროტესტს მთელ ქვეყანაში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა. მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა მოვითხოვთ საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისათვის მებრძოლი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეჟიმის არცერთი მსხვერპლი არ დარჩება სათანადო ზრუნვის, ხოლო არც ერთი მოძალადე – უმკაცრესი სასჯელის გარეშე. ყველა პირი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, პასუხს აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლისა და ძალადობის ობიექტი გახდა თავისუფალი მედია. მადლობას ვუხდით და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არ აქვს არც საერთაშორისო და არც ჩვენი ლეგიტიმაცია, ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი – ახალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ საკუთარი სახელმწიფოს ბედს. ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას, ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს“, – ნათქვამია სამი ოპოზიციური გაერთიანების განცხადებაში.

ამასთან, 14 დეკემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება ცალკე გაავრცელა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“.