საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ამაზრზენი ტყუილი გაავრცელეს მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ, ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის საჭიროება, რომ ექიმთან მივიდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ვარჯიშის დროს მსუბუქი დაზიანება მიიღო და ამასთან დაკავშირებით ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილი მოიგონეს.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გაავრცელა ერთ-ერთმა არარაობამ, არ მოვერიდები ამის თქმას და მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით, რა, მე მეუხერხულება… ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის საჭიროება, რომ ექიმთან მივიდეს. ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა აბსურდული უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.