უცხოეთი
აშშ-მა სირიაში მდებარე ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ 75 ობიექტზე ავიაიერიშები მიიტანა

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი.  აშშ-მა სირიაში მდებარე ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ 75 ობიექტზე ავიაიერიშები მიიტანა.

როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში განმარტეს, იერიშები მიზნად ისახავდა იმის პრევენციას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ვერ შეძლონ სირიაში შექმნილი არასტაბილური ვითარებით სარგებლობა.

გავრცელებული ცნობით, იერიშების დროს გამოყენებული იყო სტრატეგიული ბომბდამშენები B-52, ავიაგამანადგურებლები F-15 და მოიერიშეები – A-10.

„ყველა დაჯგუფებას სირიაში უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ პასუხს ვაგებინებთ ყველას, თუ ისინი ითანამშრომლებენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ან დაუჭერენ მას მხარს“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

სირიაში არასტაბილური ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სირიელმა მეამბოხეებმა რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს, 8 დეკემბერს კი დედაქალაქში შევიდნენ და განაცხადეს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავად ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში არიან, სადაც მათ თავშესაფარი მიიღეს.

სირიაში შექმნილ მდგომარეობაზე დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

1tv.ge