საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო კონკურსს აცხადებს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებაზე.
კონკურსი ცხადდება საბაზო და საშუალო საფეხურების ყველა საგნისთვის და დაწყებითი საფეხურის რამდენიმე სახელმძღვანელოზე, სულ 40 ერთეულზე. გრიფირებული სახელმძღვანელოების მოქმედების ვადა 5 წლით განისაზღვრება. კონკურსში მონაწილეობის უფლება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს აქვთ.
ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილე კოკა სეფერთელაძემ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.გრიფირებული სახელმძღვანელო უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ხელს უწყობდეს მოცემული კლასისა თუ საფეხურის საგნობრივი პროგრამის შედეგების მიღწევას.
გრიფირებული სახელმძღვანელოს ფასი არ უნდა აღემატებოდეს ათ ლარს.
სახელმძღვანელო დაწერილი უნდა იყოს თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით; მოსწავლის ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად გასაგები ენით; სახელმძღვანელოს შინაარსი (მაგ., ტექსტები, ილუსტრაციები, რუკები, აუდიომასალა, აქტივობები) უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს, აკმაყოფილებდეს გრიფირების წესით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს.
კონკურსი ცხადდება დაწყებითი საფეხურის შემდეგ საგნებზე: სპორტი (I-XII კლ.); ცეკვა (IV კლ.); ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (I კლ.);
VII-XII კლასებისთვის კი – შემდეგ სავალდებულო საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლ.); მათემატიკა (VII-XII კლ.); შესავალი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (VII კლ.); ბიოლოგია (VIII-XI კლ.); ფიზიკა (VIII-XI კლ.); ქიმია (VIII-XI კლ.); უცხოური ენები (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური, თურქული, რუსული); ისტორია (VII-XII კლ.); გეოგრაფია (VII-XI კლ.); სამოქალაქო განათლება (IX-X კლ.); სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (VIII-XII კლ.); საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება (XI კლ.); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (VII-IX კლ.); მუსიკა (VII-IX კლ.).
არჩევით საგნებში: მსოფლიო კულტურა (X, XI ან XII კლ.); ხაზვა (X, XI ან XII კლ.).
საქინფორმი